logo_geo
eng_logo
დაძმობილებული ქალაქები ქუთაისი და ნიუპორტი თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ
- +

21 ივნისი. 2017. 21:44



გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის უელსში განხორციელებული პირველი ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქ. ნიუპორტის მერიას ეწვივნენ, სადაც შეხვედრები გამართეს ქალაქის მერთან დევიდ ფოუვეზერთან და საკრებულოს ხელმძღვანელთან, დები ვილკოქსთან.


შეხვედრაზე იმსჯელეს 2009 წლიდან დაძმობილებულ ქალაქებს - ქუთაისსა და ნიუპორტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების და დამატებითი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ.


გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ნიუპორტსა და ქუთაისს შორის არსებული ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის, ახალი პროექტების განხორცილების და გამოცდილების გაზიარების მიზნით თამარ ბერუჩაშვილმა და შოთა მურღულიამ ასევე მონაწილეობა მიიღეს მრგვალ მაგიდაში.


ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ ნიუპორტის ქალაქის საკრებულოს, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის, უელსის ფეხბურთის ასოციაციის - Gôl! და Coleg Gwent-ის წარმომადგენლები.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მოინახულა  ნიუპორტის საერთაშორისო სპორტული სოფელი, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს მოქალაქეთათვის სტაჟირების პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. საქართველოს დელეგაციამ დაათვალიერა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მათ შორის სანაპიროზე სასეირნო ხეივანი Kutaisi Walk და Friars Walk და ასევე ესტუმრა ნიუპორტის რაგბის კლუბს.


ვიზიტის დასასრულს სტუმრების საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე  საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ვრცლად ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობაზე, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner