პირველად საქართველოში ჰაერის ხარისხის შესამოწმებლად, თბილისის ქუჩებში ე.წ. ინდიკატორული კვლევა ჩატარდა. ეს ევროპაში აპრობირებული მეთოდია, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში გამოიყენა. შეირჩა ადგილები, სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა.
მილები ორი კვირით დამონტაჟდა და შემდეგ ბრიტანეთის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევამ აჩვენა, რომ თბილისის ზოგიერთი ქუჩა საშუალო და კრიტიკულ ზღვართან არის მიახლოებული.
ინდიკატორული კვლევა ჯერ მხოლოდ ორჯერ ჩატარდა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობა ტაშკენტის ქუჩაზეა. აქაც, ისევე როგორც სხვა ადგილებში, აზოტის დიოქსიდის მოჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა..
იმ 35 ადგილიდან, სადაც ჰაერის დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ერთ-ერთი „მზიურის" ცენტრალური შესასვლელია, რომლის მოპირდაპირე მხარეს სკოლაა. რეკომენდებულია, რომ ამ ტერიტორიაზე ბავშვებმა ბევრი დრო არ გაატარონ.
მსგავსი მდგომარეობაა ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთანაც. აქაც ტრანსპორტი აბინძურებს ტერიტორიას, სადაც ბავშვების თავშეყრის ადგილია.
აზოტის დიოქსიდის რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიახლოებულია რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, ასევე, ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, სადაც სკვერია განთავსებული და რომელსაც მოსახლეობა დასასვენებლად იყენებს.
2015 წლის ნოემბერში ინდიკატორული კვლევით, ასევე დადგინდა, რომ დაბინძურების მაღალ ზღვართან არის მეტრო „ისნის" მიმდებარე ტერიტორია.
საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგს აწარმოებს 5 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზესტაფონში. გარდა ამისა, დაწყებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვა, რაც გულისხმობსინდიკატორების 9 ქალაქის 58 წერტილში განთავსებას.