საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ საარჩევნო თარიღის ადრე დასახელება პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს, საარჩევნო კამპანიის წარმოება შედარებით ადრე დაიწყონ.
„ჩემი მიზანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ, როდის არის არჩევნების დღე. ხოლო, 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის თვითონ კომისიებზე, ამის შესაძლებლობა ჩვენი ბიუჯეტისთვის ამ ეტაპზე რთულია. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო. რატომ დავასახელე ასე ადრე, რადგან მინდა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ და დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა",- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 2016 წლის 8 აგვისტოდან შევა.