გერმანულ გამოცემა «Süddeutsche Zeitung"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა წარმოდგენილი საქართველოს მთიანი რეგიონის - სვანეთის სამთო-ტურისტული პოტენციალი, ყურადღება გამახვილებულია ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე, რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე, ისტორიასა და პერსპექტივაზე (ავტორი - ჰანს გასერი).
„სვანეთი უკვე 100 წელია ტურისტებს იზიდავს, თუმცა თავდაპირველად იქ ევროპიდან ძირითადად ალპინიზმის მოყვარულები მიდიოდნენ. დღეს სვანეთში ტურისტები ჯერჯერობით უმთავრესად ზაფხულში ჩადიან, ფეხით სამოგზაუროდ, სოფლიდან სოფელში. აქ სოფლები ძალიან მაღალ ადგილებზეა გაშენებული, ზოგიერთი კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, მაგალითად, უშგული, რომელიც თავისი მრავალრიცხოვანი კოშკებით 2200 მეტრს სიმაღლეზე მდებარეობს. გარდა საზაფხულო ტურიზმისა, სვანეთში ზამთრის ტურიზმიც განვითარებულია: აქაა თეთნულდის სამთო კურორტის ინფრასტრუქტურა „თეთნულდი", სადაც პირველი საბაგირო თებერვალში გაიხსნა", - ნათქვამია ჰანს გასერის სტატიაში.
ავტორი ვრცლად აღწერს ქალაქ მესტიას, სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც „კავკასიურ სან-ჯემინიანოს" მოგვაგონებს, მაგრამ მესტია უფრო შთამბეჭდავია: აქ ყოველ მეორე სახლს აქვს ქვისგან აშენებული შუასაუკუნეობრივი კოშკები, რომლებიც ადამიანებს მშვიდობიან დროს ზვავებისა და მეწყერებისაგან იცავდა, ომიანობის დროს კი თავდაცვითი ნაგებობების როლს ასრულებდა. კლანებს შორის ატეხილი დაპირისპირების დროს კოშკები ხშირად თავშესაფრადაც გამოიყენებოდა. ამ ნაგებობების ნახვა საინტერესოა ღამითაც, როცა ისინი განათებულია. მესტიის ქუჩებში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსაც დაინახავთ - ახალი სასტუმრო-კაფეებისა და მუზეუმების გვერდით. ქალაქს აქვს მცირე აეროპორტი, თანამედროვე ადმინისტრაციული შენობით.
ავტორი ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებ თეა ჟორჟოლიანს, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს:
„იგი თანამედროვეობის განსახიერებაა - მან ექიმის სპეციალობა მიატოვა და ახლა მაღაზიისა და რესტორნის მფლობელია, სადაც სტუმრებს ქართული კერძები შეუძლიათ მიირთვან, შემწვარი კალმახის ჩათვლით. მთავარი კი მაინც სვანური კუბდარია, რომელსაც შეშის ღუმელში აცხობენ. „გასულ ზაფხულს ტურისტული ბუმი იდგა: გერმანელები, ებრაელები, ბალტიისპირელები იყვნენ ჩამოსულნი, თუმცა ზამთრობითაც სულ უფრო მეტი მოგზაურს ვხედავთ", - ამბობს თეა ჟორჟოლიანი და თავის გეგმებს აწყობს, 24-ადგილიანი სასტუმროს აშენება სურს. იგი კმაყოფილია ხელისუფლებით: „მალე ძალაში შევა ახალი კანონი, რომელიც მთიან რეგიონებში ბიზნესმენებს გადასახადებისაგან ათავისუფლებს. ეს ძალიან კარგია".
თეა ჟორჟოლიანი მხარს უჭერს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას", რომელსაც საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. 2012 წელს გამართულ [საპარლამენტო არჩევნებში] ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია დაამარცხა. დღეს ექს-პრეზიდენტი ბევრს სძულს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სვანეთში ტურიზმის განვითარებას ბიძგი სწორედ მან მისცა", - აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი ეხება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, ახალგაზრდების ყოფა-ცხოვრებას, მათ გატაცებას ალპინიზმსა და ტურიზმში, თუ როგორ ცდილობენ ისინი ხალხური ტრადიციებისა და სვანური ენის შენარჩუნებას, რომელიც „ერთ-ერთი უძველესი სალაპარაკო ენაა მსოფლიოში".