ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, ვრცელდება ხმები, რომ „ტელეიმედიდან" მისი წასვლა დაკავშირებულია გარკვეულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს, აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს - იგივე ტასო ბარნოვას და რომელიც რამიშვილის რეპუტაციის შემლახავია. რამიშვილი სამართალდამცავებს საქმის გარკვევისკენ მოუწოდებს. აღნიშნულზე შალვა რამიშვილი საკუთარ facebook-გვერდზე წერს. განცხადებას „რეპორტიორი" უცვლელი ფორმით გთავაზობთ.
„როგორც იცით „იმედმა" 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა „ილო ბეროშვილის შოუს", სკეტჩ შოუს „ერთხელ საქართველოში", ეთერში ჯერარგასულ სერიალს „ორი დაქალი", უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში".
დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, „იმედს" არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტია ამ ქმედების მიზეზი.
ამასთან, ვრცელდება ხმები, თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი.
აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო „რუსთავი 2"-ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი.
მოვითხოვ, თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ, საჯაროდ განაცხადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში.
მოვითხოვ „იმედის" ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას - გაეცნო თუ არა „იმედის" ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი?
ასევე მივმართავ ყველას, ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული, მაშინ თქვენი ვალია, აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევს, განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს.
ყურადღება! თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომპრომეტირებელ ცნობებს, მაშინ ყველას ვალია, არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება, რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს.
მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - წერს შალვა რამიშვილი.