logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: მე რომ სააკაშვილზე გამეგო მსგავსი რამ, თუნდაც ჭორი, ძალიან მეწყინებოდა!
- +

23 ივნისი. 2017. 01:41



ბოლო დღეებში საქართველოს ორგანიზმში ჩაბუდებულმა ჩირქმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი - არიქა, ბიძინა ივანიშვილს ინსულტმა დაარტყა, ლუქსემბურგელმა ექიმებმა გერმანიაში გადააფრინეს, 8 თვის განმავლობაში აზრზე ვერ მოვა, უკონტაქტო იქნებაო. ამას გარკვეულ წრეებში მოჰყვა ტაში, სიხარულით გამოწვეული შეძახილები, როკვა, ცეკვა-თამაში, გადაძახილ-გადმოძახილი და მე კიდევ ერთხელ დამწყდა გული, რომ ეს ჩირქი ვერა და ვერ გამოვურწყეთ ჩვენს ქვეყანას. ეეეჰ... გამოვურწყეთ კი არა, აშკარად ჩანს, მეტასტაზები ძალიან შორსაა უკვე წასული, ყველა სფეროსაა მოდებული და ტვინსაც კი გვიღრღნის!


ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი, რომ „ნაციონალები" და მათი მიმდევრები ყველაფრის მკადრებლები არიან (რასაკვირველია, ძალა, რომელიც 9 წლის განმავლობაში 27 ათას ადამიანს გააუპატიურებს, ამას ვიდეოზე გადაიღებს, დააფაილებს და კომპიუტერში დააარქივებს, 350 ათას ადამიანს გაასამართლებს, აწამებს, ციხეში ჩაალპობს, ცხოვრებას დაუნგრევს, ქონებას წაართმევს, ფიზიკურად გაანადგურებს, ის საკუთარი დედ-მამის სისხლსაც სიამოვნებით დალევს), მაგრამ ხშირად ფაქტი იმდენად ამაზრზენია, უბრალოდ გაოგნებასაც ვეღარ ახერხებ!


ჯერ ასეთი ტყუილის მოგონებაა დიდი ცოდვა, მერე ამ ტყუილის გარშემო ეშმაკისეული როკვაა ჯოჯოხეთში მოხვედრის 100-პროცენტიანი საგზური... რატომ, რატომ აკეთებ ასეთ რამეს შენ, ადამიანის მსგავსო არსებავ? განა შესაძლებელია, იმ ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე, რომელმაც დედაქალაქის გულში სამების საკათედრო ტაძარი აგიშენა, ათასობით ადამიანი გადაგირჩინა, ასევე ათასობით სკოლა, საავადმყოფო, ეკლესია-მონასტერი ლამის ხელახლა აგიშენა? აღარაფერს ვამბობ თეატრებზე. ერთმა კრეტინმა ისიც კი წამოაძახა, ათეისტი ხარ და ამიტომ სიკვდილსაც იმსახურებო! სასაცილოა, ადამიანი, რომელმაც სამება ააშენა ათეისტია და შენ, რომელსაც ბოღმის მეტი არაფერი გინთხევია, თითი თითზე არ დაგიკარებია, ღრმად მორწმუნე ხარ?!


თუნდაც არაფერი გაეკეთებინა ივანიშვილს, თუნდაც არ მოეშორებინა ის ბოროტება, რაც 2012 წლამდე გვჭირდა, როგორ შეგიძლიათ, თქვენ, გახრწნილები თუ არ ხართ, ადამიანის სიკვდილზე იოცნებოთ იმის გამო, რომ ხელისუფლებიდან გაგრეკათ და პოლიტიკურ სანაგვეზე მოგიჩინათ ადგილი?! აფერუმ, მის ვაჟკაცობას, ხალხი, რომელიც თქვენი სისხლის დალევას აპირებდა, ივანიშვილმა შეაჩერა და ნელ-ნელა გაანეიტრალა. მას პირადად ჩემთან აქვს ნათქვამი, რომ არ აპირებდა ქართველების სისხლის დაღვრას, როგორი დამნაშავეებიც არ უნდა ყოფილიყვნენ. კი, რამდენიმე ბობოლა უნდა დასჯილიყო, ციხეში ჩამჯდარიყო, მაგრამ მასობრივი შურისძიება ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხავდა. ეს იცოდნენ დამპალმა „ნაციონალებმა" და ამიტომაც იყვნენ ატეხილები ერთი პერიოდი, თუ უნიათოები არ ხართ, რატომ ყველას არ გვიჭერთო? მათი ჭკუით, ქვეყანაში აუცილებლად უნდა დაწყებულიყო მასობრივი დაპატიმრებები, დაწყებულიყო სისხლისღვრა და ასეთი სიტუაცია წყალს ისევ დაასხამდა საკაშვილის წისქვილზე. დაუკვირდით, უამრავი პროვოკაცია მოაწყო „ნაცმოძრაობამ" 2012 წლის შემდეგ და ყველა მათგანი გათვლილი იყო არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე, ხელისუფლების დამხობაზე. არც ერთმა არ გაუმართლათ, ვერც ერთს ვერ მოაბეს თავი ორი მარტივი მიზეზის გამო: პირველი - მეთოდები დაუძველდათ, მეორე - ყველა გაიშიფრა, საზოგადოებამ დაინახა, ვინ რას წარმოადგენს!


ბოლო დღეებში, რაც დიდი ზეიმი აქვთ გამართული „ნაციონალებს", ვითომ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის გამო, ხშირად ვფიქრობ - მიხეილ სააკაშვილზე რომ გავრცელდეს მსგავსი ინფორმაცია, თუნდაც ჭორი, თუნდაც სიმართლე, გამიხარდება თუ მეწყინება? გულწრფელად ვაღიარებ, ძალიან მეწყინება და იცით, პირველ რიგში, რატომ? ეს ადამიანი 10 წელიწადი იყო ჩემი და თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი, 2004-ში დავუჭირეთ მხარი, რათა გვეცხოვრა ნორმალურად. თავიდან ასეც დაიწყო, ყველას გვქონდა დიდი იმედები, მაგრამ შემდეგ ძალაუფლებამ ძალიან გარყვნა არა მხოლოდ სააკაშვილი, მისი ხელქვეითებიც.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, უკრაინაში გამართულ მიტინგზე სააკაშვილს კვერცხებს ესვრიან და „ზელიონკას" ასხამენ - მეწყინა, არ მესიამოვნა, მაინც ქართველია, მაინც ჩემი პრეზიდენტი იყო. მე შეიძლება გავაკრიტიკო და კვერცხიც ვესროლო, მაგრამ როცა ამას აკეთებს სხვა, არ მსიამოვნებს. მეტიც, მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია გააძევეს საქართველოდან და შემდეგ სამეგრელოს ერთ მივარდნილ სოფელში ჩაკლეს, სულ იმაზე ვოცნებობ, როდისმე გვეღირსოს ისეთი ექს-პრეზიდენტი, რომელიც მშვიდად იცხოვრებს ამ ქვეყანაში. მეტყვით, შევარდნაძე ცხოვრობდა მშვიდადო. არ მჯერა, ის მაინც ითვლებოდა გაგდებულ პრეზიდენტად.


მოკლედ, დღე არ გავა, რამე მძიმე ცოდვა არ დავიმატოთ, რამე სიგიჟე არ ჩავიდინოთ, მერე გვიკვირს, რატომ ვცხოვრობთ ასე ცუდად. აი, ამიტომ!


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner