logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ეს არის ელიკოს, ზალიკოს, მიხაკოს და ნიკაკოს გეგმა დიკაკოს ცრემლების ფონზე
- +

23 ივნისი. 2017. 01:59



ზალიკო წავიდა, ომში წავიდა! - ამოიგმინა დიკო ჯოჯუამ და ღვარივით გადმოსკდა თვალთაგან ცრემლები. ბებიაჩემის ნაამბობი გამახსენდა, ცხონებული პაპაჩემიც ეგრე გაუცილებიათ დიდ სამამულო ომში. ეეეჰ, ეხლა ცრემლი არ დამანახოთო, მალე დავბრუნდებიო, მტერს მუსრი უნდა გავავლო, ადოლფ ჰიტლერი ხიშტზე ავაგო და ეგრევე აქა ვარო! ჰო, აი, ეგრე თქვა გიორგიმ, მერე ამოიხვნეშა - ჰაი, დედასაო, წელზე შემოგდებული „ბუშლატა" გაისწორა და წავიდაო, ყვებოდა ხშირად ბებიაჩემი. თან დააყოლებდა ხოლმე, წავიდა და წავიდაო, აღარ დაბრუნებულა, გადაიყოლა ადოლფ ჰიტლერმა, იმ ჩაძაღლებულიშვილმაო!


იმას ვამბობდი... დიკოს ცრემლებმა გამახსენა ბებიაჩემის ცრემლები-მეთქი. ოღონდ, ზალიკო უდუმაშვილმა შეიფერა, დადნა ღორი ქონივით, ერთი არ უთხრა ქალსა, ცრემლები არ დამანახო, ხიშტზე ავაგებ ბიძინას და საღსალამათი დავბრუნდებიო. განა ეჭვი ეპარება ვინმეს,  ზალიკო ძალიან მძაფრსიუჟეტიან ომში რომ მიდის? არა, ყველამ იცის, როგორი უთანასწორო დაპირისპირება იქნება, შეიძლება ბრძოლის ველზეც კი დაეცეს, მაგრამ ქალს მაინც არ უნდა აგრძნობინო უიმედობა, ქალს კაცის მხრიდან შემოძახება უნდა! როცა დიანა ტიროდა, როცა ბაგეთაგან ცხარე ცრემლები სცვიოდა, ის ვალდებული იყო, წამოჭრილიყო „კურიერის" სავარძლიდან და განეცხადებინა: ოოოო, მშვენიერო ასულო, არ არის საჭირო ცრემლები, მე სულ მცირე ხანში აღვადგენ სამართლიანობას, დავიპყრობ კი არა და... გავათავისუფლებ თბილისს ბიძინა ივანიშვილის მარწუხებისგან, განვგმირავ მას, ავაგებ ხიშტზე, დავბრუნდები, შემოგსვამ თეთრ ცხენზე და შეგაჯირითებ მერიის გაბრწყინებულ შენობაში!


ეეეჰ, ხალხო, ალბათ ხვდებით, რომ ვღადაობ, ხომ? ისე, თქვენი არ ვიცი და მე მართლა ვერ გავიგე, ან ამას რატომ აჟრიალებდა, ან იმას რა ატირებდა? ყველა გონიერმა ადამიანმა ხომ იცის, რომ უდუმაშვილს გამარჯვების 1-პროცენტიანი შანსიც არ აქვს? ჩაიყვანა მიხამ კიევში, ან დააბოლა, ან აიძულა (უფრო აიძულა), ჩამოვიდა და თავს ისულელებს. კი, ბატონო, მოვა ოქტომბერი, დარწმუნდება თავის უსუსურობაში... თუმცა დარწმუნდება კი? მისი სულიერი დეიდა, ელეონორა კილაძე უკვე აცხადებს, გაგვიყალბებენო, სოსო გოგაშვილი უკვე აყალბებსო, უკვეო, ხალხო, უკვეო!


იცით, ელოს, მეგის, მიხას, ზალას და კიკას რის იმედი აქვთ? კალაძე რომ გაიმარჯვებს, ესენი დასცემენ კარვებს გმირთა მოედანზე, ააგუგუნებენ ბუკსა და ნაღარას, გამოიყვანენ 100 ათასობით ადამიანს ქუჩაში, მოაწყობენ აჯანყებას და სულ კუდით ქვას ასროლინებენ ამ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, როცა ხელისუფლება დაემხობა, შეიქმნება სამხედრო საბჭო ელოს, მეგის, ნიკას და კიკას (ოღონდ ეს კიკა ვინაა, ჯერ არ ვიცი) შემადგენლობით, ბიძინა ივანიშვილს ხელში ჩაიგდებენ ცოცხლად... სხვებს უნდათ, რომ ჩაქოლონ, მაგრამ ელოს ის ცოცხალი სჭირდება, რათა ყველა დანაშაულზე აგებინოს პასუხი და შემდეგ კი ძაან მაგრად გაუყინოს ყველა ანგარიში არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ რუსეთში, ევროპაში და ახლო აღმოსავლეთშიც კი. აი, ეხლა ხვდებით, რა სტრატეგიული დანიშნულება აქვს ზაალ უდუმაშვილს? ის გახლავთ მხოლოდ მიზეზი დიდი რევოლუციისა, რომლის მომავალი დედა გახლავთ ელეონორა კილაძე, ხოლო მამა - მიხა სააკაშვილი!


დიახ, რაც კი დედამიწის ზურგზე რევოლუციები მომხდარა, ყველას ჰქონდა თავისი მიზეზი: მაგალითად, საფრანგეთის რევოლუციას საბაბად დაედო კომბოსტოს მჟავე მწნილი, რუსეთის რევოლუციას - ღორის „ხალადეცი". ამჯერად კი მიზეზი იქნება უდუმას წაგება, ანუ დაჩაგვრა, არჩევნების გაყალბება. ნუ იფიქრებთ, რომ არჩევნები აუცილებლად გაყალბდება, უბრალოდ ელოსა და მელოს აქვთ ასეთი გეგმა!


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner