„დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა სრულიად საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღე და ტაძარში მყოფი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დალოცა.
უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა.
„როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ამბიონზე მიიწვია და ნაკურთხი წყალი ასხურა.
„დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში არის დაძაბული ურთიერთობა და კაცობრიობა ეძებს მიზეზს ამ დაძაბულობისა. უპირველეს ყოვლისა, თითოეულმა ადამიანმა თავის გულში უნდა ჩაიხედოს.
პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს.
„თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში", - განაცხადა უწმინდესმა.
დღეს სასულიერო პირები ასევე მცხეთის ქუჩებში გავლენ და ქუჩებს აკურთხებენ.