გერმანული პრესა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს:
„საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრები თანამშრომლობას აღრმავებენ / საქართველო და გერმანია: ერთად დანაშაულის წინააღმდეგ"
ბერლინი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მრავალდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ყველა დონეზე და სფეროში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ბავარიის, რაინლანდ-პფალცის, ქვემო საქსონიისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის შინაგან საქმეთა მინისტრებთან, დასასრულს კი - ბერლინში, შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ ტომას დე მეზიერთან შეხვედრისას მთავარი თემა იყო გერმანიაში არალეგალურ მიგრანტთა და, სავარაუდოდ, რუსული მაფიის მიერ მართული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თან ახლდა საქართველოს პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია. ქართული დელეგაციის წევრებმა გერმანელ კოლეგებთან ფედერალურ მიწებზე ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაუმჯობესების შესაძლებლობები და, ასევე, პოლიციელთა განათლებისა და პროფესიული მომზადების საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილი: ,,ჩვენ არ ვინდობთ დამნაშავეებს საკუთარ ქვეყანაში და, ასევე, არ დავუშვებთ ქართველი დამნაშავეების არსებობას ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავის კოლეგებთან საუბრისას ცალსახად გამოხატა საკუთარი მოსაზრება გერმანიაში დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით, რასაც გერმანიის საგამოძიებო ორგანოები იმ დანაშაულებრივ ჯგუფებს უკავშირებენ, რომლებშიც ქართული წარმომავლობის დამნაშავეები რუსეთის მაფიასთან ერთობლივად მოქმედებენ: „ეს დამნაშავეები, შესაძლოა, საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ ჩვენ მათ ქართველებს ვერ ვუწოდებთ. ეს საქართველოს სირცხვილია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მათ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები შეწყვიტონ".
2015 წლის დანაშაულის სტატისტიკა: საქართველო უკანა რიგებში
იმის მიუხედავად, რომ ძარცვის ფაქტების რიცხვი გაზრდილია, რაც ქართული წარმომავლობის დამნაშავეებთან და რუსული მაფიის მიერ მათ მართვასთანაა დაკავშირებული, გერმანიაში მცხოვრები ქართველები, სხვა უცხოელებთან შედარებით, ყველაზე კანონმორჩილ მაცხოვრებლებს განეკუთვნებიან.
ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ბავარიის 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკაში ქართული წარმომავლობის დამნაშავეების მიერ ჩადენილ დანაშაულს 23-ე ადგილი უკავია. ბავარიის 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკის ბეჭდურ ვერსიაში საქართველო ერთხელაც არ არის ნახსენები.
გერმანიის ფედერალური მიწებისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები: საქართველო სამაგალითო პარტნიორია
რაინლანდ-პფალცში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თავის კოლეგასთან ერთად, ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც გამოძიების პროცესში თანამშრომლობასთან ერთად, პოლიციელთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სფეროებში არსებული გამოცდილების ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს.
„საქართველო მაგალითს იძლევა, თუ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. მე ამისთვის განსაკუთრებულად მადლობელი ვარ, - განაცხადა რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა როგერ ლევენცმა, - საკითხები, რომლებიც ამ შეხვედრებისას განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, სამომავლო, მჭიდრო, მეგობრული თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს".
ტომას დე მეზიერი: „არსებული, ძალიან კარგი ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარება"
შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. მან, ასევე, პირდაპირ აღნიშნა, რომ ქართული წარმომავლობის დამნაშავეებთან დაკავშირებული ძარცვების მზარდი ოდენობის მიმართ საჭიროა მკაცრი მიდგომა, თუმცა, ეს არ უნდა ემსახურებოდეს მთლიანად საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზირებას. ფაქტია, რომ ყველა ფედერაციული მიწის დანაშაულის სტატისტიკაში ქართველები ქვედა საფეხურზე იმყოფებიან.
„ბინაში შეღწევით ძარცვის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულია. ამიტომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით დღემდე არსებულ ძალიან კარგ თანამშრომლობას შემდგომში კიდევ უფრო გავაღრმავებთ", - აღნიშნა დე მეზიერმა.
გარდა ამისა, განიხილეს საქართველოს ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნების" სიაში შეყვანის საკითხი.
„გერმანიამ იცის, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური დევნა. აქედან გამომდინარე, ფედერალური მთავრობა სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსი მიანიჭოს", - აცხადებს შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი.
ორივე მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კარგ საშუალებად იქცეს, რადგან საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ქართული წარმომავლობის დამნაშავეების რანგში არიან იდენტიფიცირებული და ამავდროულად, გერმანიაში „თავშესაფრის" მოთხოვნით იმყოფებიან.
ამას გარდა, ორი ქვეყნის შს მინისტრებმა ხელი მოაწერეს ,,უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ამ მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
საქართველო: გერმანიის პოლიციის მხარდამხარ
„საქართველოსთვის გერმანიასთან მეგობრობა და პარტნიორობა ძალიან ბევრს ნიშნავს", - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
„როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანას, ჩვენ გვსურს და ვაპირებთ გავაღრმავოთ ეს მეგობრობა და პარტნიორობა. დანაშაული, რომელიც ქართველების მიერ გერმანიაშია ჩადენილი, ზიანს აყენებს არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ, უარყოფითად მოქმედებს ქართველი ერის რეპუტაციასა და ღირსებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციასთან აქტიურად ვითანამშრომლოთ მსგავსი დანაშაულის პრევენციისა და გამოძიების პროცესში", - განაცხადა მღებრიშვილმა.
„გერმანიის ფედერაციულ ხელისუფლებას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის საქმეში", - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - „ჩვენ ამისთვის მადლიერი ვართ. ჩვენ მოხარული ვართ და გვეამაყება, რომ გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა უმეტესობა კეთილსინდისიერი, წესიერი და წარმატებული ადამიანია. საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ კი, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში კანონს არ იცავენ, გერმანიის პოლიციას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი რესურსით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, დამნაშავეთა დევნისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიმართულებით".
წყარო: https://www.surveymonkey.com/s/Y9TLHXP