logo_geo
eng_logo
კონსერვატორიაში „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“-ის II ტური გაიხსნა
- +

7 აპრილი. 2016. 15:52


საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურის პირველი კონცერტი დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. 


კონცერტში კახეთისა და  ქვემო ქართლის ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და სახალხო მთქმელები მონაწილეობდნენ.



ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.  მასში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში,  თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი  მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II  ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის. 


შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის ორგანიზებით ტარდება.



მეორე ტურის კონცერტები ასევე გაიმართება 12 აპრილს გორის  გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, 20-21 მაისს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში, 24 მაისს თბლისში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და 30-31 მაისს  ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.



ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი ჩატარდა დღეს. მომავალი სამი თვის განმავლობაში - ივნისის ბოლომდე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სანახაობები ელი", - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.



ფესტივალის ფინალი შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია. 



ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები.  გამოიცემა DVD ალბომი - „საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" და ლაურეატთა ბუკლეტები. 



ხალხურ სიტყვიერებას აქვს თავისი საზომი, თავისი ტრადიციული აზროვნება, ბევრი სპეციფიური ნიშანი, რომლის მიხედვითაც მათ პირველი ეტაპიდან გადაინაცვლეს მეორე ეტაპზე და გადაინაცვლებს ფინალისკენ. ვცდილობთ, ვიყოთ ლოიალურები, მაგრამ არის რაღაცები, რაც არ დაიშვება", - განაცხადა ჟიურის წევრმა ეთერ თათარაიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner