„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე 2008 წელს პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის წევრი იყო, რომელიც აგვისტოს მოვლენებს სწავლობდა და აცხადებს, რომ ჰააგის პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. „ასავალ-დასავალთან" საუბრისას ლორთქიფანიძე იხსენებს დავით კეზერაშვილისა და მალხაზ აქიშბაიას ქმედებებს.
„რისი თქმის უფლებასაც ჩემს თავს ამ ეტაპზე მივცემ, ის არის, რომ ომის დღეებში კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროს უკანონონო ევაკუაცია მოახდინა!
დიახ, კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროს ევაკუაცია გამოაცხადა იმ ფონზე, როცა ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, თბილისს არანაირი საფრთხე არ ემუქრებაო.
რაც შეეხება ბატონ აქიშბაიას, მის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობდა. კერძოდ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოძრაობის მარშრუტზე პასუხისმგებელი უწყებიდან - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილი მასალებით მტკიცდებოდა, რომ აქიშბაიამ, რომელიც კოდორის ხეობისკენ მიემგზავრებოდა, სამტრედიასთან გადაუხვია და აჭარისკენ გაემართა!
ამ საკითხით პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა სრულიად საპირისპირო რამ მოხდა - ბატონი აქიშბაია დააწინაურეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში ერთ-ერთი წამყვანი სამინისტროს მინისტრის მოადგილედ დანიშნეს", - ამბობს ლორთქიფანიძე.