წერილი IV
სამწუხაროდ, თავს უნდა გამოვუტყდე, რომ ქართული პოლიტიკის სენია ამპარტავნება, ანგარება და ცოდნის დეფიციტი (დაბალი კვალიფიკაცია, არაპროფესიონალიზმი), თავისი ყველა გამოვლინებით. ისიც ნათლად ჩანს, რომ პრინციპებისა და პოზიციის არქონა კომპენსირდება შესაშური მოქნილობითა და ლავირების საოცარი უნარით (ურცხვობისა და უტიფრობის ხარისხს ვგულისხმობ).
ფაქტია, რომ ათეული წლებია გარკვეული „პოლიტიკური ძალები" ახერხებენ სარფიანად ივაჭრონ და ამით უზრუნველყონ პირადი კეთილდღეობაც და არცთუ მოკრძალებული ადგილი პოლიტიკური მზის ქვეშ. ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა სატელიტების მომსახურებაზე, ყველა ფსევდოპარტია, მთელი ეს პოლიტიკური ჭუჭყი უმძიმეს დღეში ჩააგდო.
იმავეს თქმა შეიძლება ე.წ. არასამთავრობო სექტორზეც და პოლიტიკურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტთა დიდ უმრავლესობაზეც. ამ პოლიტიკურ-ჟურნალისტური ამქარის ხელისუფლებებთან ურთიერთობის „ნოტებზე აწყობილმა" ტექნოლოგიებმა - „მხარი რომ დაგიჭირო, რას გადაიხდი" და „რომ არ ვიხმაურო, რას გადაიხდი" - აზრი დაკარგა. არალეგალური პოლიტიკური ბაზარი ერთი ხელის დაკვრით მოკვდა.
ერთადერთი, ვინც შეიძლება ამ „ტექნოლოგიებში" გადაიხადოს, „ნაციონალური მოძრაობა" და ის ინტერესჯგუფებია (შიდა თუ გარე), რომელთაც წარსულში დაბრუნება ენატრებათ. ეს ყველაფერი ძალზე თვალსაჩინოა, რადგან ხილული ფაქტია, რომ ზემოხსენებული ჭუჭყი „ნაცებისკენ" მიიხვეტა და ამ უკანასკნელთაც დიდი აუქციონი აქვთ გამართული „რუსთავი-2"-ს სტუდიაში, რომელსაც საზოგადოებას აწვდიან, როგორც სახეს „დემოკრატიის ერთადერთი საყრდენისა" (ეს ფრაზაც ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ერთგვარი პაროლია, პოლიტსცენაზე რომ როლის თამაშის უფლება მიიღონ).
ხილული ფაქტია ისიც, რომ „ყველა დანარჩენი" ერთხმად და ერთნაირი „არგუმენტებით" უპირისპირდება „ქართული ოცნების" ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას (ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე). მაგალითისთვის, წინ დროშად გამოტანილი ე.წ. პრეზიდენტის „მოღვაწეობაც" კმარა: ათიდან ათჯერ რომ არ ეთანხმები შენი, როგორც პრეზიდენტის „წამომტივტივლების" -„ოცნების" ხელისუფლების პოზიციას და ათიდან ათჯერ „ნაცების" ტექსტით და „ნაცების" ტონალობაში რომ ღიღინებ - ამით დაწყებული და - ე.წ. „პირველი ლედი" რომ დამნაშავე პარტიის რუპორ-ტელევიზიის ისეთივე სახეა, როგორიც გვარამია, უდუმაშვილი, ჟორჟოლიანი და ა.შ. - ამით დამთავრებული, მეტი რაღა სიღრმეებში სიარულია საჭირო?
პირველად მოხდა, რომ ვენეციის კომისიამ მთლიანობაში დადებითი შეფასება მისცა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს - „საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან" (ჯანი ბუკიკიო).
სწორედ ეს შეფასებაა „ოპოზიციისთვის" ის მწარე რეალობა, რომელიც მას ჩიხში აქცევს: თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მოწყობილი ქვეყანა არ შეიძლება იყოს მათი ასპარეზი. მათი ასპარეზია ე.წ. ბანანის სახელმწიფო, რომელიც ვიღაცის (მაგ. სააკაშვილის) ნება-სურვილით იმართება და რომელიც, ამ ვიღაცის მეშვეობით, კიდევ ვიღაცის (მაგ. ვისაც და რასაც წარმოადგენდნენ ქვეყნის დაცემის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს „შემოქმედები", სინქრონში მოქმედი მეთიუ ბრაიზა და თემურ ალასანია) ინტერესებს მსახურებს და ყველაფერ ამაში თავისი „ძვალი" შეიძლება მოიპოვონ.
კარგ, ევროპულ ქვეყანაში წარმატების საწინდარია ცოდნით და სიყვარულით საქმის კეთება, რადგან ევროპული ქვეყანა კონკურენტულ გარემოში საკუთარი სიმართლის გატანას გულისხმობს. ზემოთ სიტყვა „ძვალი" შემთხვევით არ მიხსენებია. როდესაც „ქართულმა ოცნებამ" 2020 წლის არჩევნებისთვის ბარიერის 3%-მდე დაწევა დააანონსა, ყველა მაჩანჩალა „ბრმად" აჰყვა „ნაცების" და მათი „ექსპერტების" მიერ შემოგდებულ შეფასებას - ხელისუფლებამ „ძვალი" გადმოაგდოო. არადა, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ინაშვილისთვის, შავგულიძისთვის, შარტავასთვის, ნიჟარაძისთვის, ბერძენიშვილებისთვის, უსუფაშვილისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ერთადერთი შანსია. (ნათელაშვილი არ გამომრჩენია, უბრალოდ, მას თავისი „კარმუშკა", ყველა შემთხვევაში, შიგნით იქნება თუ გარეთ, გარანტირებული აქვს.)
იმ პარტიებისთვის, რომლებიც 2-5%-ის ფარგლებში ტივტივებენ, ობიექტურად, ბარიერის სიმაღლე გაცილებით მნიშვნელოვანი თემაა, ვიდრე საარჩევნო სისტემა. რამდენიც არ უნდა იბაქიბუქონ, მათთვის, 5%-ის დატოვების შემთხვევაში, შერეული სისტემაც აზრს კარგავს და პროპორციულიც. თუ ოდნავი დამოუკიდებლობა შერჩათ, უნდა გააცნობიერონ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლამდე, აღნიშნული საფეხურის ჩართვა, პირველ რიგში, მათ ინტერესშია.
ძნელია იმის უარყოფაც, რომ პროცესის ორსაფეხურიანი განვითარება „ოცნების" ინტერესშიცაა და ერთადერთი, ვისაც გეგმები სერიოზულად აერევა, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფებია. შენებაზე ორიენტირებული ხელისუფლების (ყველა ნიშანია იმისა, რომ „ქართული ოცნება" ასეთ ხელისუფლებად ჩაითვალოს) ინტერესშია, რომ მაქსიმალურად განვითარდეს პარტიული სისტემა, რადგან კონკურენცია წინსვლის ერთადერთი პირობაა. გარდა ამისა, ხელისუფლების (ყველა ხელისუფლების) ამოცანაა, შექმნას ყველა შესაძლო პირობა გარანტირებული სტაბილურობისთვის, რათა ქვეყნის მდგრად განვითარებას საფრთხე არ შეექმნას.
ორსუბიექტიან პოლიტიკურ სისტემაში, როცა ერთ-ერთი გახლავთ სხვადასხვა სისტემურ დანაშაულში მრავალგზის მხილებული სუბიექტი, სტაბილურობა მყიფეა. პრობლემის აღმოფხვრა მოკლევადიან პერსპექტივაში, როცა ცნობილი მიზეზების გამო პოლიტიკურ დამნაშავეებს არ იჭერ და „თავებს არ აყრევინებ", შეუძლებელია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გათვლა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაზე ხდება. ბლოკების გაუქმებამ და ბარიერის 3%-მდე დაწევამ პირველ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს პროცესში ახალი მოთამაშეების შემოყვანა.
მდგომარეობას ის გარემოება ართულებს, რომ „მეორეხარისხოვანი როლების" შემსრულებელ პარტიებს გონიერებასთან ერთად არ ყოფნით მოთმინება, ამ პერსპექტივაში უყურონ თავის მომავალს. მათი ფიქრი „დღევანდელ კვერცხზეა" გადართული და ურჩევნიათ, რაც შეიძლება მალე, რაიმეს გამორჩენის მიზნით, თუნდაც „ნაცებთან" ერთად, (ანუ, თუნდაც ზნეობრივი კომპრომისის გზით), არიონ სიტუაცია, ვიდრე ნაბიჯ-ნაბიჯ და საფუძვლიანად შეუყვნენ პოლიტიკის ძნელ აღმართს და მხოლოდ თავისი დამსახურებით მოიპოვონ საზოგადოების მხარდაჭერა. საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა არის რეორგანიზაცია, თვისებრივი განახლება და პროგრამებისა და გეგმების ახალ რეალობაზე და ახალ გამოწვევებზე მისადაგება, მმართველმა პარტიამ გვაჩვენა ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში (2015-2016 წლები) - ახალი სახეები, მაღალი კვალიფიკაცია და ახალი იდეები დღეს „ქართული ოცნების" საფირმო ნიშანია. ეს პროცესი ახლაც გრძელდება და იგი განახლების პროცესისთვის დამახასიათებელი ხარვეზების გამოსწორებასაც გულისხმობს.
ვფიქრობ, ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, განახლების რესურსი თითქმის არ გააჩნია. ისინი ამისთვის მორალურად არიან მობერებული. სამწუხაროდ, მრავალ ობიექტურ მიზეზზე (წინა ხელისუფლებები ყველანაირად ხელს უშლიდნენ პარტიული სისტემის განვითარებას) მეტ პრობლემას სუბიექტური ფაქტორები ქმნიან. კერძოდ, პოლიტიკურ ორგანიზაციათა „ძველი" ლიდერები ვერ ერევიან თავის უსაფუძვლო ამბიციებს და ყოველმხრივ ბლოკავენ ქვემოდან აქტივობების მცირე გამოვლინებებსაც კი.
აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი კანონის საფუძველზე მიღებული საბიუჯეტო დაფინანსებები, რომელთა განკარგვაც, როგორც წესი, ლიდერთა ერთპიროვნულ გამგებლობაშია მოქცეული. ვისაც ცოდნა და გონიერება ეყოფა, შეიმუშავებს პარტიის განახლების საშუალოვადიან გეგმას მაინც და შანსს სრულად გამოიყენებს. ქართული პოლიტიკური სივრცე კიდევ ორ-სამ ახალ მოთამაშეს ნამდვილად დაიტევს. ვინც არა და...
მომავალი სავარაუდო პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ ერთი შეგონების უფლებას მივცემდი თავს: შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ვიდრე მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა" რჩება, ქვეყნის ინტერესშია, „ქართული ოცნების" პოზიციები იყოს გარანტირებულად მყარი. აქედან გამომდინარე, თქვენი ამოცანაა, ჯერ „ნაცების" სექტა შეავიწროვოთ მეორე პოზიციებზე და უკვე ამის შემდეგ სცადოთ „ოცნების" მოედანზე შეღწევა. ვინც პირველ ამოცანას 2020 წლისთვის წარმატებით დაძლევს, 2024 წელს იმისი იქნება ასპარეზი.
დასასრულ, ისევ კონსტიტუციის თემას დავუბრუნდები
.
ბოლო „ანტიკონსტიტუციური" ისტერიკა ჰიპერტყუილებზე აგებული მორალურ-ფსიქოლოგიური შეტევის ხასიათს ატარებდა და ოთხი ძირითადი გზავნილისგან შედგებოდა:
- ბიძინა ივანიშვილს თურმე მძიმე ავადმყოფობა შეეყარა;
- ირაკლი კობახიძეს თანამდებობიდან უშვებენ;
- კახა კალაძე თვითონ მიდის;
- გიორგი კვირიკაშვილი ემიჯნება ყველას და ყველაფერს.
სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები (და ზოგადად, „ადამიანური ადამიანები") ასე არ იქცევიან, საზოგადოების ასეთ შეურაცხყოფას არ კადრულობენ, მაგრამ ეს სხვა თემაა...
საქმე ისე აეწყო, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და შენებისთვის იქნებოდა კარგი და სასურველი:
- ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შექმნია და იგი კვლავინდებურად დიდ იმედად უდგას საქართველოს;
- ირაკლი კობახიძე, რასაკვირველია, ინარჩუნებს თავის პოზიციებს და უფრო მეტიც, წარმატებული საკონსტიტუციო პროცესით მცოდნე, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული და პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი კიდევ უფრო გაიმყარა;
- კახა კალაძე ენერგიულად ემზადება დედაქალაქის მერის უაღრესად პასუხისსაგებპოსტის მოპოვებისთვის საჭირო საარჩევნო ბატალიების მოსაგებად;
- გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის წინამძღოლობითაც უმნიშვნელოვანესი მიღწევები გვაქვს როგორც საშინაო, ისე საგარეო ასპარეზზე (განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ევროკავშირთან, NATO-სთან და აშშ-სთან ურთიერთობების ახალ ეტაპებზე გადაყვანა), როგორც ქვეყნის პირველ პოლიტიკურ ფიგურას შეეფერება, 22 ივნისს საბოლოო პასუხი გასცა ყველა კითხვას და ლამაზი ძახილის ნიშანი დასვა მთელი ამ ექვსთვიანი ისტორიული პროცესის დასასრულში.
ბრავო, „ოცნება"!
განახლებულ- გაკეთილშობილებული კონსტიტუცია პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე თვეში სრულყოფილი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ანუ, შეიქმნა მყარი და ხარისხიანი სამართლებრივი ფუნდამენტი თანამედროვე, მაღალი დემოკრატიის ევროპული სახელმწიფოს ასაშენებლად.
ოპტიმიზმის საფუძველი აშკარაა და, ქართველებო, მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება!
გიორგი ქებულიძე
24.06.2017
(იხ. წერილი I - http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=42813
წერილი II - http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=44483
წერილი III - http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=45594 )