logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა
- +

25 ივნისი. 2017. 21:22


 

„იქ, სადაც საუბარია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევაზე, ბუნებრივია, მმართველობა ვერ იქნება სრულად ეფექტური", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში  განაცხადა.


„იმედის კვირაში" სტუმრობისას, ირაკლი კობახიძემ მოქმედ კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, კონსტიტუციის შეცვლა - აუცილებელია.

 

„არის აბსოლუტურად დაუბალანსებელი სისტემა, ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი ამ სისტემაში საქართველოს პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს საკვანძო ორგანო საპარლამენტო მმართველობის სისტემაში.  დაუბალანსებელია ურთიერთობები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, არის ძალიან ბუნდოვნად გამიჯნული კომპეტენციები კონსტიტუციურ ორგანოებს შორის, პირველ რიგში უნდა ითქვას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და თქვენ გახსოვთ, სადამდე მიგვიყვანა ამ ბუნდოვანმა გამიჯვნამ. ჩვენს მმართველობის სისტემას არაერთხელ ჰქონდა სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. არის უამრავი ხარვეზი, არის უამრავი პრობლემა დღევანდელ კონსტიტუციაში და ეს ყველაფერი სწორდება ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, გარდა ამისა, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციას აქვს კონკრეტული ხარვეზები, რომლებიც საქართველოში ნახევრად ავტორიტარული ან ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბებას განაპირობებდა. პარლამენტის თავმჯდომარემ  განაცხადა, რომ მმართველი  გუნდის მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის საფრთხის გამორიცხვაა და ამას ემსახურება საკონსტიტუციო ცვლილებებიც. ირაკლი კობახიძის თქმით, საკვანძო ცვლილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა.


„ჩვენი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა აბსოლუტური ფორმით. ამას ემსახურება სხვადასხვა რეგულაცია, იგივე ოპოზიციის პოზიციების გაძლიერება საპარლამენტო ცხოვრებაში, რისთვისაც კონკრეტული ახალი ნორმებია ჩადებული კონსტიტუციაში და  საკვანძო ცვლილება არის გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. ჩვენ პირველ რიგში იმისთვის გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე,რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია გრძელვადიან პერსპექტივაში.გამოირიცხება ყოველგვარი ჭარბი უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ყოველგვარ საფრთხეს ავტოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner