logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის წაქეზება რუსეთის ინტერესებში შედის
- +

7 აპრილი. 2016. 17:01



მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს პოზიცია -  ამ საკითხზე „რეპორტიორს" პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ესაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ნეიტრალური, რათა ქვეყანა დამატებითი საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაცია საქართველოსთვის საფრთხეს გააჩენს, რადგან, არ არის გამორიცხული, რომელიმე მხარემ საქართველოს ტერიტორია თავისი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.


- მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოს უშუალო სამეზობლოში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია საქართველოს პრიორიტეტების განსაზღვრა, საქართველოს პოზიციების განსაზღვრა იმ კონფლიქტში, რომელიც აგერ უკე 25 წელია არ ცხრება და ცოტა უფრო ძველიც არის საქართველოს ტეროტორიაზე არსებულ 2 კონფლიქტთან შედარებით. დღეს ყარაბაღში ვითარება ასე თუ ისე ჩაცხრა, მიღწეულია გარკვეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. კონფლიქტმა გამოიწვია ადამიანური მსხვერპლი და მატერიალური ზარალი. ერთი შეხედვით, როდესაც თვალს გადავავლებთ ამ კონფლიქტის მიზეზებს, ვერ დავინახავთ უშუალო აქტორების და მათ უკან მდგომი ქვეყნების ინტერესს. ეს კონფლიქტი, წესით, არცერთ აქტორს არ უნდა აწყობდეს; არ უნდა აწყობდეს არც თურქეთს და არც რუსეთს, არც დასავლურ ქვეყნებს. როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი ირიბი გაგრძელებაა რუსეთ­თურქეთს შორის უკანასკნელი დაპირისპირების, იმ პოლიტიკური და დიპლომატიური დაპირიპირებისა, რომლის მომსწრენიც უკანასკნელ ხანებში გავხდით და რომელიც გამოიხატა უკიდურესად აგრესიულ რიტორიკაში და ამავე დროს გამოიხატა სანქციებში... როდესაც ვაკვირდებით რუსეთის უკანასკნელ მოქმედებებს,  ვხედავთ, რომ იგი მოგებული ნამდვილად არ არის. კერძოდ, მისმა ჩარევამ სირიაში ვერ გამოიღო ის შედეგი, რასაც ელოდა. შეიძლება ითქვას, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა მისიამ სირიაში მარცხი განიცადა. ამავე დროს მას ნამდვილად არ აქვს საქმე წარმატებულად უკრაინაში, იგი ლუგანს-დონეცკის-ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, უფრო გაირიყა საერთაშორისო საზოგადოების მიერ. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ რუსეთს სერიოზული შიდაპოლიტიკური  პრობლემები გაუჩნდა ნავთობის ფასის დაცემის გამო. სწორედ ამიტომ, რუსეთი, რომელსაც გარკვეული საცეცები გააჩნია ორივე ქვეყანაში, განსაკუთრებით სომხეთში, ცდილობს, შეახსენოს მსოფლიო საზოგადოებას, აშშ-ს, ევროკავშირს, რომ იგი, როგორც კონფლიქტების მომრიგებელი ძალა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ქმედითუნარიანობას და ფუნქციას. სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, მას დასჭირდა ამ კონფლიქტის წაქეზება. სხვათაშორის, ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც ამ კონფლიქტს ანათესავებს აფხაზეთის ომთან - 1993 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია აიარაღებდა ორივე მხარეს - ქართველებსაც და აფხაზებსაც. მას ასევე სერიოზული წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის მხარის შეიარაღებაში და ასევე სომხურ მხარისაც.


- რაც შეეხება საქართველოს როლს ამ კონფლიქტში, მისი ფუნქცია, როგორც მეზობლის, როგორი უნდა იყოს?


- არ მგონია, საუბარი მართებული იყოს იმაზე, რომ თბილისის ფორმატის შექმნა იქნება შედეგიანი. ვფიქრობ, ამის შანსი გვქონდა, მაგრამ უკვე გაშვებულია; საქართველო გამოვიდოდა მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივით, თუ ჩვენთან 90­იან წლებში არ გადაიდგმებოდა ის უგუნური ნაბიჯები, რომელმაც მიგვიყვანა სახელმწიფო გადატრიალებამდე. საქართველო მაშინ გახდებოდა ქვეყანა, რომელიც კავკასიაში ნამდვილად შექმნიდა ამინდს და სწორედ საქართველო იქნებოდა ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად გარკვეულწილად ის ქვეყანა, რომელიც გამოვიდოდა მშვიდობინი კავკასიის ინიციატივით. რა თქმა უნდა, შეიძლება ამაზე ვიფიქროთ, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა დავჯერდეთ ჩვენს მოკრძალებულ როლს. 25 წელია არსებობს მინსკის სამიტი. ეს საკმაოდ ისეთი ფორმატია, რომელმაც ჯერ პრაქტიკული შედეგი ვერ დადო. ასევე არსებობს სხვა ფორმატებიც. 2001 წლიდან სომხეთი და აზერბაიჯანი - ორივე არის ევროსაბჭოს წევრი და შესაბამის ფორმატებშიც შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება. თუმცა ფაქტია, აქამდე არსებულმა ფორმატებმა სიტუაციის შეცვლის პრეცედენტი ვერ შექმნა. ანუ ვითარება არ იცვლება.  აქვე მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის დეპუტატების - პოღოსიანისა და მამედოვის განცხადებას, რომ სასურველია, ყველამ თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელიც დაარღვევს ჰარმონიულ, მშვიდობიან თანაარსებობას საქართველოში როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეებს შორის. ჩვენ ასეთი ტრადიცია ნამდვილად გაგვაჩნია და ასეთი განცხადებები მისასალმებელია.


- რატომ გგონიათ, რომ თბილისის ფორმატის შექმნა რეალისტური არ არის?


- ეფექტური შუამავლის პოზიცია არ იქნება შედეგიანი. თბილისის ფორმატი ვერ შეიქმნება, თუ ამის ნება არ იქნება რუსეთის, აშშ­ის და ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ ნებას ვერ ვხედავ. საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია.


თუ კონფლიქტი გაგრძელდა და ცხელ ფაზაში გადავიდა, საქართველომ თავის თავზე უნდა იტვირთოს ჰუმანიტარული დახმარება და მიიღოს ლტოლვილები. სხვა მხრივ კი დაიჭიროს მკაცრი ნეიტრალიტეტი. ეს პოზიცია გაცილებით სასარგებლო იქნება, ვიდრე რომელიმე მხარის მხარდაჭერა.


- ესკალაციის შემთხევვაში რა სახის საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს?


- თუ ეს კონფლიქტი გადაიზრდება რეგიონულ კონფლიქტში, რაშიც ჩაერთვებიან მსოფლიოს აქტორებიც, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება მთელ მსოფლიოზეც და საქართველოზეც. ბუნებრივია, აქ იქნება საფრთხე, რომელიმე მხარემ საქართველოს ტერიტორია თავისი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს რასაკვირველია, დამატებით კონფლიქტს გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცამ ძალადობრივად გაიკვალოს გზა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მცდელობა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner