თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას მწუხარება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები უარს არ ამბობენ იმ ტერორისტებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ თურქეთის ერთიანობისთვის.
ერდოღანი NATO-ს „სირიის საკითხთან დაკავშირებულ სტრატეგიას" უწუნებს და მიიჩნევს, რომ მას „სერიოზული ნაკლი აქვს".
„ისინი, ვინც თურქეთს არწმუნებენ იმაში, რომ ტერორისტებისთვის გადაცემული შეიარაღება შემდეგ უკან საწყობებში დაბრუნდება, მიამიტურად ფიქრობენ, რომ ანკარას მოტყუება შესძლეს. როდესაც ისინი დაშვებულ ისტორიულ შეცდომას გაიაზრებენ, უკვე გვიან იქნება", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.
მისი თქმით, თუ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების მიმართ ოდნავ მაინც საფრთხე შეიქმნება, ანკარა მტკიცედ უპასუხებს ამგვარ გამოწვევებს.
„არანაირ დათმობაზე არ წავალთ. ამიტომაც, დაუშვებელია ტერორისტებთან პარტნიორობა მაშინ, როდესაც თურქეთთან თანამშრომლობთ NATO-ს ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, NATO-ს საქმიანობის არსის გადახედვა მოგვიწევს", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ასევე გაამახვილა ყურადღება რიგ ევროპულ ქვეყნებზე, სადაც „ტერორისტები განსაკუთრებული პატივითა და დაცვით სარგებლობენ".
„სანამ გვიან არ არის, საჭიროა ამ მცდარი სტრატეგიის გადახედვა. ახლოსაა ის დღე, როდესაც ტერორისტები დაარტყამენ იმათ, ვინც მათ ახლა მფარველობს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.