logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ორივე ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და გვექნება!
- +

7 აპრილი. 2016. 18:04



პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი „რეპორტიორთან" მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრობს. მისი თქმით, ჩვენი ხელისუფლება ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა მხარეებმა მიიღონ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.


„თავისთავად ცხადია, შეშფოთებულები ვართ მეზობელ ქვეყნებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ ქვეყნებში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს,  გვაქვს იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოხდება დეესკალაცია და აღდგება მშვიდობა.

 

ჩვენ ორივე ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდა, გვაქვს და რა თქმა უნდა გვექნება, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისთვის, რომ კეთილმეზობლობა შევინარჩუნოთ და მხარეებმა მიიღონ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა სესიაშვილმა.

 

ამას გარდა სესიაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება რამდენჯერმე შეიკრიბა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, გაანალიზეს კონფლიქტის განვითარების შესაძლებლობები და ყველა შესაძლო სცენარის მიხედვით გარკვეული მოქმედების გეგმებიც დასახეს.


„ხელისუფლება პრემიერის თაოსნობით რამდენჯერმე შეიკრიბა, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი მსჯელობა, სადაც სხვადასხვა სცენარები გავაანალიზეთ, შესაბამისად, მოქმედების გეგმებიც დავსახეთ იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები და გარკვეულწილად ამ ეტაპისთვის საჭირო ზომებიც მივიღეთ.

 

ძალიან ფაქიზი თემაა და არ მიმაჩნია სწორად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს ღიად ისაუბრონ მოსალოდნელ საფრთხეებზე ამ კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში. ჩვენ ამ თემაზე ვმსჯელობთ, გარკვეულ სცენარებს ვაყალიბებთ, ასევე ჩვენი მოქმედების გეგმაზეც ვმსჯელობთ, მაგრამ ამ თემაზე ღიად, ბუნებრივია, ვერ ვისაუბრებთ. ჩვენს მინისტრებს პირდაპირი კავშირი აქვთ როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის წარმომადგენლებთან. ჩვენი დიდი სურვილია, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner