ჯგუფ „მგზავრების" მიერ 9 აპრილს პეტერბურგში კონცერტის გამართვას კულტურის პალატის პრეზიდენტი მისთვის მიუღებელს ფაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ხალხი, ახალგაზრდები, მათივე თანატოლები ნიჩბით დახოცეს, 9 აპრილს კონცერტის გამართვა პეტერბურგში უსინდისობაა.
„ჩემთვის მიუღებელია ამ დღეს სიმღერა იმ ქვეყანაში, რომელმაც დაარბია და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები",- ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტებში", პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.
„ნებისმიერი მოქალაქისთვის 9 აპრილი არის ტრაგედია, არავინ არაა რაღაცის წინააღმდეგი, მაგრამ ამ დღეს არ უნდა გაემართათ კონცერტი. ესაა საქართველოს ყველაზე ტრაგიკული ისტორიის ფურცელი იმ ტრაგედიათა შორის, რაც საქრთველომ გადაიტა და როდესაც ამას ერი დღემდე გლოვობს და ჭრილობა დღემდე მოუშუშებელია, შენ ამ დღეს უმღერო ოკუპანტს - ჩემთვის მიუღებელია.
ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ხელოვანების მიმართ, მაგრამ მე ვეწინააღმდეგები 9 აპრილს ამ კონცერტის ჩატარებას. მათ თავინათ ისტორიაში ცუდი ფურცელი ჩაწერეს და სანამ გვიან არ არის, ვურჩევდი, უარი თქვან ამ კონცერტის 9 აპრილს ჩატარებაზე და გადადონ სხვა დღეს. როცა პროდიუსერი უძღვება ჯგუფს, ის მაინც უნდა იცოდეს, რომ ეს დღე ერთ- ერთი მძიმე ფურცელია საქართველოს ისტორიაში და არ უნდა ჩააგდო ჯგუფი ასეთ უხერხულ ვითარებაში, თუ ეს პროდიუსერის გადაწყვეტილებაა. დამთხვევები არ ხდება, როცა კონცერტი იგეგმება, ჭკვიანი პროდიუსერი ნებისმიერ თარიღს აკვირდება, როდის არის შესაძლებელი და როდის არა კონცერტის გამართვა. მე მათ მოვუწოდებ, გადადონ ეს კონცერტი, სანამ გვიან არ არის", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.