საქართველოს მთავარი პროკურატურა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე კონფერენცია თემაზე - „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაბრუნება და კიბერდანაშაული", საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰენდრიკ იან მორაალმა გახსნეს.
როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, საქართველოს პროკურატურას მიეცა შესაძლებლობა გაეცნოს მსოფლიო ქვეყნების გამოცდილებას, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მიიღოს ინფორმაცია უწყებისთვის საინტერესო საკითხებზე არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე მყოფი საქართველოს პროკურატურისთვის.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზაციულმა წევრობამ დანაშაულთან გაცილებით ფართო მასშტაბით და თანამედროვე მეთოდებით ბრძოლის შესაძლებლობა მისცა. ასევე ფასდაუდებელია ორგანიზაციის როლი პროკურატურებს შორის კომუნიკაციის პროცესში.
საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მე-8 რეგიონულ კონფერენციაზე მომხსენებლები ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ელექტრონული ვალუტის სახით არსებული ქონების დაყადაღებისა და კონფისკაციის საკანონმდებლო ჩარჩო; იურისდიქციასთან დაკავშირებული საკითხები ელექტრონული ვალუტის სახით არსებულ ქონებასთან მიმართებით; დაყადაღებული ქონების მართვის კარგი პრაქტიკა; სამართლებრივ ბენეფიციარებს შორის ჩამორთმეული ქონების დაყოფის/განაწილების კარგი პრაქტიკა; ტრანსნაციონალური თანამშრომლობა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების/შემოსავლის შესახებ მტკიცებულებების გაცვლის კუთხით; სამართლებრივი დახმარების ფარგლებს გარეთ საზღვარგარეთ ქონების მოძიება; ღია წყაროების გამოყენება სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში და მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობისა და ავთენტურობის საკანონმდებლო სტანდარტები; ონლაინ ფულის გათეთრების სახეები; სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ელექტრონულ ვალუტასთან (ელექტრონული-ფული, ბიტკოინები) დაკავშირებულ დანაშაულებზე; სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ე.წ. „დარქნეტში" ჩადენილ დანაშაულებზე; ელექტრონული მტკიცებულებების გაცვლა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის; არასტაბილური/ცვალებადი ელექტრონული მტკიცებულებები და საერთაშორისო თანამშრომლობა;
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და პროკურორთა ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 171 ქვეყნის 172 საპროკურორო უწყებას და 3000 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კონფერენციას, რომელსაც 25 ქვეყნის გენერალური პროკურორები, მოადგილეები და სხვა რანგის თანამშრომლები ესწრებიან, საქართველოს პროკურატურა პირველად მასპინძლობს. წევრ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას სწორედ ასოციაციის რეგიონული კონფერენციები წარმოადგენს, რომელიც ასოციაციის სახელით და მხარდაჭერით პერიოდულად მსოფლიოს 6 რეგიონში იმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის, ცენტრალური და სამხრეთ აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების პროკურატურების წარმომადგენლები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა დამსწრე პირები იღებენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე ორდღიანი კონფერენცია ხვალ, 28 ივნისს დასრულდება.