ფოთში, დევნილთა ჩასახლებაში, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით, საბავშვო ბაღის მშენებლობა იწყება.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დირექტორმა ვინსენტ დონტონმა და პოლონეთის ელჩის მრჩეველმა პჟემისლავ პიეჟმა ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც 2017 წლის ბოლომდე დევნილი ბავშვებისთვის ბაღი აშენდება.
ფოთში, ახალ დასახლებაში, სადაც 1 244 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ამ დრომდე არც ერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. სახელმწიფომ გაითვალისწინა დევნილი ოჯახების მოთხოვნა, საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების ხელშეწყობით, ფოთის დევნილთა ჩასახლებას საკუთარი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული და აღჭურვილი საბავშვო ბაღი ექნება.
მშენებლობის სატენდერო ღირებულება 160 000 ევროს შეადგენს. საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი განახორციელებს.