logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: უდუმაშვილს ისე ესმის პოლიტიკა და თბილისის პრობლემატიკა, როგორც სახედარს იურისპრუდენცია!
- +

27 ივნისი. 2017. 21:20



თანამედროვე ენაზე რომ გაცნობოთ, „ნაციონალებში" ახალი მესიჯი გაჟღერებულა: აი, მიშა ფაქტობრივად გზაშია, მალე ჩამუა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა უკვე დასრულებულიაო. დიახაცო, ჩვენ გვეამაყება, მისი ძლევამოსილი პარტიის წევრები რომ გახლავართო, ეგეთი საზოგადოებრივი ჩართულობა, როგორიც ამ პარტიაშია, არსადაც არ არიო. ზალიკო უდუმაშვილი თითქმის თბილისის მერია, ეგ დაამთავრებს არაფორმალურ მმართველობას და საქართველო მოიპოვებს სანუკვარ დამოუკიდებლობასო. ჩვენ უახლოეს ხანში აეროპორტის მისადგომებთან გადავინაცვლებთ, იქ დაველოდებით მიშასო.


კარვები წაიღეთ, შეიძლება მთელი ცხოვრება მოგიწიოთ ლოდინი!


ხვდებით, რა დონეზე დაეცნენ ჩვენი თანამოქალაქე „ნაცები"? ეტყობა, მათაც „ზემოდან" (უკრაინიდან) ატყუებენ, თორემ წესით უნდა იცოდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ვერც ხელისუფლებას შეცვლი და ვერც ძალაუფლებას ჩაიგდებ ხელში. ვის დაჰკარგვია, მაგრამ ზაალ უდუმაშვილი სულაც ტახტრევანით რომ მიაბრძანონ თბილისის მერიაში, მაინც არ აქვს აზრი, რადგან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მაინც „ოცნების" ხელში რჩება.


არადა, ნახეთ, რა მაგრად აჟუილებს დეფი გოგიბედაშვილი, „ნაციონალების" გრძნობებაშლილი მგოსანი, რომელსაც ვარდების რევოლუციამდე დავითი ერქვა. ისაო, ზალიკო შეძლებს, თბილისი მიწიერ სამოთხედ აქციოსო. დეფის აღტყინება ერთ ადრეულ ამბავს მახსენებს: ქუთაისში ცხოვრობდა შესანიშნავი მწერალი ოთარ მამფორია. ერთ ზამთარს, მოხუცებულობის პერიოდში თბილისიდან ახალგაზრდა მწერლები ჩავიდნენ, ნახეს, დააფასეს და ეუბნებიან - ბატონო ოთარ, თქვენ ისეთი შემოქმედი ხართ, ქუთაისში ძეგლი უნდა დაგიდგათო. პასუხი: არ მინდა, შვილებო, ძეგლი, მცივა, „ფეჩი" დამიდგითო.


ბატონო დეფიუნეს, უდუმაშვილი რომელი მიწიერი სამოთხის აღმშენებელია, კი ვიცით, მაგრამ თუ მაინც ასე გადაწყვიტეთ, სამოთხე არ გვინდა, მოხუცებს ნორმალური პენსიები დაურიგეთ. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ძეგლი არ უნდათ, „ფეჩი" დაუდგით!


რაღა დაგიმალოთ და... ამ ნიკოლოზ რურუასაც კაი „მაგარი" იდეები აწუხებს ლენინივით. არადა, თავის დროზე „მხედრიონელიც" იყო, ავტომატითაც დარბოდა და სერიოზული კაცის იმიჯი ჰქონდა მორგებული. აბა, „მხედრიონელი" და არასერიოზული გინახავთ? არ ჩამქოლოთ, ვხუმრობ.


როგორც რურუა ამბობს, მეტეხს ადრე მტეხი ერქვა და რადგანაც უდუმაშვილი მეტეხიდან გადმოახედეს „სამერედ" გამზადებული, თურმე ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის მტეხი, ანუ გამტეხი და ოლიგარქის დამამხობელი. არა, საერთოდ ნაცებს ძალიან სწამთ სიმბოლოებისა და „ტუფტა" თარიღებისა, მაგრამ ბოლო დროს აღარ უმართლებთ. ერთხელ გაუმართლა მიშას, 2003 წლის გიორგობას რომ გაუშვა სახლში ედუარდ შევარდნაძე და მას მერე „გაბლატავდა". მოკლედ, „ნაცებმა" გადაწყვიტეს, საქმეში ვახტანგ გორგასალიც ჩართონ და ივანიშვილის ხელისუფლება მეტეხიდან დაამხონ.


უდუმაშვილის დამხობილი ხელისუფლება არ გაიშვა არსად, ეგ რომ მოხდეს, მაშინ თავები უნდა მოვიკლათ საკუთარი ხელით!


პრინციპში, რურუას კი აქვს სახელმწიფო გადატრიალებაში გამოცდილება, მაგრამ როცა გამოცდილება მიიღო, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ჩვენი სახელმწიფო ძალიან ყანყალებდა, ანუ მყიფე გახლდათ და სწორედ ამით ისარგებლეს მოღალატეებმა!


სხვათა შორის, „ნაციონალებშიც" არიან შედარებით რეალისტები, რომლებიც ჩუმ-ჩუმად ბუზღუნებენ, რომ უდუმაშვილი არც სახელით, არც გვარით, არც მონდომებით, არც ტემპერამენტით, არც გამოცდილებით არ აკმაყოფილებს მათ გემოვნებას. ჩვენაო, სხვას ვუკიჟინებთ, უნიათოები ხართო და აქეთ შემოგვტენეს ყველაზე უნიათო კანდიდატიო. მეტიცო, უდუმაშვილს ისე ესმის პოლიტიკა და თბილისის პრობლემატიკა, როგორც სახედარს იურისპრუდენციაო. მართალია... აი, მეც მაგ აზრზე ვიყავი თავიდანვე და სულ ვფიქრობდი, ნეტა მიხა სააკაშვილს საბოლოოდ ხომ არ აქვს გადაწყვეტილი, საერთოდ გამოაფარჩაკოს თავისივე პარტია? ნუ გამოვრიცხავთ, რომ რაკი წონიანი ფიგურები წავიდნენ, შური იძიოს. აბა, პარტიის სახედ მეგი გოცირიძე რომ გეყოლება და მთავარ იდეოლოგად კიდევ მაია ორჯონიკიძე (გაუგებარი წარმოშობის ადამიანი), სხვა რა უნდა იფიქრო? თუმცა აქ არის მეორე მომენტიც: მიხა უკვე ისეა გადასული ჭკუიდან, ისეა ამოვარდნილი გრაფიკიდან, რას შვრება და რას აკეთებს, აღარ იცის. რომ გითხრათ, ადრე იცოდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სისტემა სათავისოდ მაინც ჰქონდა აწყობილი.


ჩემეული დასკვნა: დიახ, ვეთანხმები „ნაცების" წიაღში გაგონილ მოსაზრებას - უდუმაშვილს ისე ესმის პოლიტიკა და თბილისის პრობლემატიკა, როგორც სახედარს იურისპრუდენცია!

 

გელა ზედელაშვილი


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner