მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთი კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც კერძო და საჯარო სტრუქტურებში ქაოსი გამოიწვია, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული სარეკლამო კომპანია WPP ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლის კომპიუტერული სისტემა დავირუსდა.
გარდა ბრიტანეთისა, კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა ასევე უკრაინული კომპანიების ნაწილი და კიევის მთავარი აეროპორტი.
Reuters-ის ცნობით, დღეს კიბერშეტევა განხორციელდა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიასა და რუსულ ბანკებზე.
როგორც კიბერუსაფრთხოების რუსულმა კომპანია IB-მა განაცხადა, ჰაკერებმა გამოიყენეს ისეთი კომპიუტერული კოდი, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ იყო მომზადებული.
Reuters-ის ინფორმაციით, კიბერშეტევის ერთ-ერთ ობიექტს უკრაინულ მედიაკომპანიას დაბლოკილი ფაილების აღსადგენად ვირუსმა 300 დოლარი მოსთხოვა.
„თუ შენ ახლა ამ ტექსტს ხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი კომპიუტერის ფაილები ხელმისაწვდომი აღარ არის, ვინაიდან ისინი დაბლოკილია. დრო არ დაკარგო დაზიანებული ფაილების აღდგენაში. არავის შეუძლია ამ ფაილების აღდგენა, თუ არ მიჰყვება ჩვენს ინსტრუქციას", - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც უკრაინულმა 24-ე არხმა მიიღო.
იგივე შეტყობინება მიიღეს როტერდამში Maersk-ის ოფისში.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა ვირუსის სახელწოდება უკვე დაადგინეს, ეს არის Petya, რომელიც კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის შემდეგ აზიანებს ფაილებს და კომპიუტერული მოწყობილობის მუშაობას აფერხებს.
როგორც BBC წერს, Petya-ს ვირუსი სათითაოდ ყველა ფაილს არ აზიანებს, არამედ ირჩევს ე.წ. MFT-ის, იგივე მთავარ ფაილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერული მოწყობილობა მთლიანად გამოდის მწყობრიდან.
BBC-ის ცნობით, მთავარი ფაილების დაზიანება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე თითოეული ფაილის ცალკ-ცალკე და სწორედ ამიტომ მიმართავენ ჰაკერები კიბერშეტევის ამ მეთოდს.