ავტორი მარიამ პაიჭაძე
გასულ კვირას „თანასწორობის ინსტიტუტის" ყოფილმა წევრმა მიშა კაჭკაჭიშვილმა საზოგადოებას პირველი ქართული სათამაშო „საოცარი სამყარო" წარუდგინა, რომლის შემქნელი თავად გახლავთ. „რეპორტიორთან" საუბარში მიშა კაჭკაჭიშვილმა თამაშის არსზე, მის დადებით მხარეებსა და სხვა დეტალებზე ისაუბრა:
- რაში მდგომარეობს თამაშის არსი და რა ასაკის ბავშვებზე არის გათვლილი?
- თამაშის სახელწოდებაა „საოცარი სამყარო". ეს არის შექმნილი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის და არ შეიცავს არანაირ აზარტის ელემენტებს. თამაში არის მრავალსერიული და შედგება ათი ნაწილისგან. საქართველოში გაყიდული სათამაშოებიდან შემოსული თანხა მთლიანად, ხოლო ექსპორტიდან შემოსული თანხის ნახევარი მოხმარდება დაავადებულ და მიუსაფარ ბავშვებს. იყო ძალიან ბევრი შემოთავაზება საზღვარგარეთიდან - უკრაინიდან, სომხეთიდან, რომ გაგვეყიდა ეს თამაში, მაგრამ ჩემი სურვილია, „საოცარი სამყარო" საქართველოში დაინერგოს და აქედან აიღოს სათავე მეზობელ ქვეყნებში. უკვე გვაქვს როგორც ქართული, ისე ევროკავშირის პატენტი. ძალიან მალე გვექნება აზიის პატენტიც. ამ თამაშით ბავშვის გონება არ იღლება. თამაშის პროცესი მაქსიმუმ 40 წუთი გრძელდება და პრინციპი არის გუნდურობა. თამაშში არის ხუთი გმირი, რომელიც ერთად დაამარცხებს იმ ბოროტ სამყაროს, რომელიც ცხოვრებაში ხვდებათ ბავშვებს. პატარებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ერთმანეთის დახმარება და მინდა, რომ ეს ისწავლონ.
- რა უნარების განვითარებაში ეხმარება ბავშვს?
- პირველ რიგში ბავშვი ლოგიკურად და სტრატეგიულად აზროვნებს, თამაშში არ არის სიხარბის ელემენტი, პირიქით, რაც მეტს გასცემ თამაშში უფრო ადვილად მიდიხარ წინ. ასევე, ბავშვი სწავლობს დახმარებას და სიკეთის კეთებას.
- საიდან გაჩნდა ამ თამაშის შექმნის იდეა?
- იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და მინდოდა, რომ მაქსიმალურად მოშორებულიყვნენ ვირტუალურ სივრცეს. იმდენი ნეგატივია ინტერნეტში, თამაშები აწყობილია სროლაზე, მოკვლაზე და ა.შ. აქედან გამომდინარე, საკუთარი შვილებიდან დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მომეშორებინა ამ ყველაფრიდან. როდესაც ბავშვები თამაშობენ ძალადობრივ თამაშს, ღიზიანდებიან, ღამე არ სძინავთ, მინდოდა ამის ალტერნატივა შემეთავაზებინა შვილებისთვის. დავიწყე მათთვის რაღაცების დახატვა, შემდეგ ეს ყველაფერი განვავითარე, დავიწყე ალგორითმზე მუშაობა, რათა თამაში სრულფასოვანი ყოფილიყო. ალგორითმის გარეშე ფიზიკურად ვერ ითამაშებ. სამი წელი მომიწია ამ თამაშზე მუშაობა. ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი მეგობრები მეხმარებიან და მიწყობენ ხელს, რომ „საოცარი სამყარო" ჩვენს ქვეყანაში დავნერგოთ. მინდოდა, რომ თამაში სიკეთის ელემენტებით გამეჯერებინა... რამდენად შევძელი არ ვიცი, მაგრამ თამაშისას, როდესაც ვუყურებ ბავშვებს კამათიც კი არ მოსდით, სიხარულით ეხმარებიან ერთმანეთს.
- წარმოების პროცესში ვინ არის ჩართული და სად ხდება ფიგურების დამზადება?
- მინდა, რომ თამაში საქართველოში ვაწარმოო, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს სტამბა, რომელიც ამას დაბეჭდავს. თითქმის ყველა სტამბასთან მქონდა კავშირი და ან შესაძლებლობა არ აქვთ რომ გააკეთონ, ან კოლოსარულ თანხებთან არის დაკავშირებული. ბავშვისთვის აბსოლუტურად უვნებელი, მაღალი ხარისხისგან დამზადებული კომპლექტი ჯდება ყველაზე ბევრი - 8$. იმ თანხებით, რაც საქართველოში დამისახელეს, აზრი არ აქვს წარმოებას, რადგან მას მშობელი ვერ იყიდის და არც მე არ მიღირს. რამდენიმე კომპანიასთან მაქვს მოლაპარაკება, რომ სპეციალურად ამ სათამაშოს დამზადებისთვის სტამბა ავაწყოთ და მისი წარმოება საქართველოში მოხდეს. ეს თუ მოხერხდება ძალიან კარგი იქნება, თუ არადა მომიწევს, რომ საზღვარგარეთ დავამზადებინო.
- როგორც ვიცი, განათლების სამინისტროსთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს... რა ეტაპზეა და რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით?
- განათლების სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ 10 სამაგიდო თამაშის სწავლება დაიწყოს სკოლებში. მივესალმები ამ იდეას, რომ ბავშვებმა გაკვეთილების შემდეგ ინტელექტუალური თამაშები ითამაშონ. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, პირველი ეტაპი გავიარე და ახლა არის მეორე ეტაპი. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს ტენდერი. მე ნებისმიერ პირობაზე ვთანხმდები, რადგან ამ საქმეში ჩემი ფინანსური დაინტერესება აბსოლუტურად არ არსებობს. პირიქით, ყველანაირად ვუწყობ ხელს, რომ ჩვენს ქვეყანაში ქართული სათამაშოს წარმოება დაიწყოს და სულ იმპორტზე არ ვიყოთ დამოკიდებული.
- როდიდან გამოვა ბაზარზე და დაახლოებით თუ არის ცნობილი, რა იქნება მისი საბაზრო ღირებულება?
- სათამაშოს საბაზრო ღირებულება დაახლოებით 25 ლარი იქნება. ექსპორტის შემთხვევაში, დაახლოებით 30$-25€-დან ზევით იქნება. ვგეგმავთ, რომ სექტემბრიდან გამოვიდეს ქართულ ბაზარზე.
- როგორც თავად აღნიშნეთ, გეგმავთ ექსპორტზე გატანას. რა ქვეყნებში აპირებთ?
- ამ ეტაპზე შემოთავაზებები მაქვს უკრაინიდან და ამ ქვეყანაში ვგეგმავთ გატანას. ასევე, რუსეთში, თუმცა გავითვალისწინებ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებსაც ამ საკითხში, რამდენად მისაღები იქნება მათთვის რუსული ბაზარი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბავშვი ბავშვია და პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ.
- როგორც აღნიშნეთ, თამაში არის სერიული და შედგება 10 ნაწილისგან. რა ინტერვალებით გამოვა ახალი ნაწილები?
- თამაშის ახალი ნაწილები საქართველოში ყოველ წელს გამოვა. სხვა ქვეყნებში კი შევხედავთ, რამდენად მოთხოვნადი იქნება. ყველა შემთხვევაში, ყოველი მომდევნო ნაწილი პირველად ჩვენს ქვეყანაში გამოვა და პრიორიტეტი იქნება საქართველო. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყანა შემომთავაზებს, რომ უნდა თამაშის ახალი ნაწილი, მე არ მივცემ მეორე სერიის გამოშვების საშუალებას, სანამ საქართველოში არ ამოიწურება პირველი ნაწილის ეტაპი.
- რა შეიცვლება მომდევნო ნაწილებში?
- მომდევნო ნაწილებში შინაარსი იგივე რჩება. შეიცვლება მხოლოდ გმირები და გარემო. პირველ ნაწილში მოქმედება ვითარდება ტყეში, შემდეგ იქნება მაგალითად თოვლში, კოსმოსში და ა.შ. პრინციპი დარჩება იგივე.
- რა მასალისგან იქნება დამზადებული?
- იქნება ბავშვისთვის აბსოლუტურად უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა. დეტალები დამზადდება ან ხისგან ან პლასტმასისგან, ამაზე ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული და, რა თქმა უნდა, იქნება ფერადი.