„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით იგი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების მომხრე ყოველთვის იყო, თუმცა ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის კონსულტაციების გამართვა გამორიცხულია.
„ამაში ცუდი არაფერია. არ ვიცი ეს როგორ დამთავრდება, მაგრამ კოორდინირებულ მოქმედებებზე საუბრების გაგრძელებას არ გამოვრიცხავ, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთს ხელი პრინციპულად არ შეუშალონ. "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა პრინციპულად მიუღებელია. ყველა დანარჩენ ძალასთან კი, ჯანსაღი თანამშრომლობა უნდა შედგეს. მომავალ პარლამენტში, განსხვავებული ხედვების მიუხედავად, პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ." - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ერთი კვირით ადრე იქნება თუ გვიან, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, თარიღი მნიშვნელოვანია.
„თარიღის ნაადრევად გამოცხადება ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ის, რაც გადაწყვეტილებას მოჰყვა, ამ ხელისუფლების თავმოუბმელობის ბრალია. გვითხრეს, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ კამპანიის დაწყება 8 აგვისტოს გამოცხადდება. კანონმდებლობით კი, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე უნდა დაიწყოს. კამპანიის ახლავე დაწყება ოპოზიციისთვის იდეალური იქნებოდა, რადგან ის შეღავათებით ისარგებლებდა. თუმცა, ხელისუფლების ინტერესიც კარგად მესმის, რადგან მათ ბიუჯეტის პრობლემა არ აწუხებთ, ოპოზიციური პარტიების ზედმეტად გაძლიერება კი, არ უნდათ. თარიღის 8 აგვისტოს გადატანაც ამან განაპირობა." - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.