პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან კომუნიკაციის თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მიზანია მონაწილეები დეტალურად გაეცნონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, გაიუმჯობესონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბდეთ სწორი დამოკიდებულება თემატიკის მიმართ. სასწავლო კურსი თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით და მას მოწვეული უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.
სასწავლო პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს: შშმ პირის სტატუსი, შშმ პირის მონაწილეობა გამოძიების პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობების ძირითადი სახეები, აღწერა და რეკომენდაციები, შშმ პირებთან კომუნიკაცია, ურთიერთობის ეთიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ტრენინგი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან" მხარდაჭერით განხორციელდა.
ადამიანის უფლებების დაცვა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შშმ პირებთან კომუნიკაციის თემაზე გასულ წელს 4 ტრენინგი განხორციელდა. აღნიშნული მიმართულებით პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების გადამზადების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.