სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მათი სტრატეგიული პარტნიორია, სომხეთი რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია.
„არასდროს მითქვამს, რომ რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა იყო ან შეიძლება იყოს ჩვენი მფარველი. რუსეთს არასდროს უთამაშია სომხეთისთვის ისეთი როლი, როგორსაც თურქეთი აზერბაიჯანისთვის თამაშობს", - განაცხადა სარგსიანმა.
მან მთიან ყარაბაღში კონფლიქტისთვის პასუხისმგებლობა ბაქოს დააკისრა და იქვე აღნიშნა, რომ ერევანი მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე იმის გამო არ მიდის, რომ „სიტუაციის დამატებით გართულება არ სურს".
რატომ შეუერთდა სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს და რა იყო ამის მიზეზი - პრეზიდენტი პასუხობს: „რუსეთის მხრიდან არასდროს არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ჩვენ ვხელმძღვანელობდით ეკონომიკური მიზანშეწონილობით. რუსეთი ჩვენი მთავარი ბაზარი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთიდან ყველა ენერგომატარებელსა და სხვა რესურსებს ვიღებთ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რუსეთმა ძალიან ხელსაყრელი პირობები შემოგვთავაზა და საკუთარ საქონელზე 30%-იანი შეღავათი დააწესა. ჩემი პრინციპია, მივიღო გადაწყვეტილებები, რომლის რეალიზებაც შესაძლებელი იქნება".