დღეს ბოშათა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საოპერო მომღერლის ზურაბ ანჯაფარიძის ძმისშვილი ლელა ანჯაფარიძე შემდეგნაირ პოსტს უძღვნის:
„დღეს... რაღაც საეჭვოდ... კარმენისეულ ხასიათზე გამეღვიძა...
„ჰაბანერას" მაცდური და ზანტი ჰანგების ტაქტში ვივარჯიშე და
ესმერალდასავით გადავეკიდე აივანზე... ბუდულაის მოლოდინში...
რომელიც, სავარაუდოდ, საღამომდე არ გამოჩნდება...
რატომ არ მეკითხებით, რითია გამოწვეული ეს დილის ვნებები?
საქმე იმაშია, რომ დღეს ბოშათა საერთაშორისო დღეა...
ეს დღესასწაული აღინიშნება 1971 წლის 8 აპრილიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც მსოფლიოს 39 ქვეყნის ბოშები შეიკრიბნენ ლონდონში, დააწესეს ბოშათა საერთაშორისო საბჭო, მიიღეს საკუთარი ჰიმნი და გერბი...
სხვათაშორის, ჰიმნი მომეწონა, სიტყვებიც და მუსიკაც (სიტყვები, ბუნებრივია, თარგმანში წავიკითხე, გერბიც საინტერესოა... ზევით - ლურჯი ცა, ქვევით - ხასხასა მწვანე ბალახი და შუაში- ფორთოხლისფერი ბორბალი... ჯერ ცა და ბალახი ცარიელი მომეჩვენა, მაგრამ მერე დავფიქრდი... ბოშები ხომ თავისუფლები იყვნენ ყოველთვის... მთელი მსოფლიო აქვთ მოვლილი და აბა, რომელი ცხოველი, ფრინველი ან მცენარე უნდა დაეხატათ? უბრალოდ, ვერ შეარჩევდნენ... ერთი კი გამიკვირდა, ზღვა რომ არ იყო, ან მდინარე...და, რაც მთავარია, ცხენი...
ბოშები ერია, რომელიც 80-ზე მეტ ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს... ეს არის თავისუფლებისმოყვარე და ნიჭიერი ხალხი, საკუთარი ტრადიციებით, რომლებსაც დღემდე მაქსიმალურად იცავენ, საკუთარი მსოფლმხედველობით და შეხედულებებით... სხვათაშორის, ამბობენ, რომ არსებობს 3 პროფესია, რომელსაც ბოშა არასდროს აირჩევს: ქარხანაში მუშაობა, ქუჩების დალაგება და... ჟურნალისტიკა/
ერთი, რაც განსაკუთრებით მიყვარს მათში... ეს არის გამორჩეული სიამაყე... შეუძლიათ იცეკვონ და იმღერონ და გაგართონ, მაგრამ ამასთანავე, შეინარჩუნონ საოცარი ღირსების გრძნობა...
არასდროს დამავიწყდება... მოსკოვში დამპატიჟეს ახლად გახსნილ „ჰამერის" ცენტრში, სადაც იმ დროს შესვლას მხოლოდ ფული არ წყვეტდა... გაოცებული ვათვალიერებდი სუფრაზე დაწყობილ კერძებს და ვფიქრობდი, ეიფელის კოშკებივით აზიდული, ავოკადოგარჭობილი სალათები კოვზით უნდა მიმერთვა თუ ჩანგლით, დარბაზში დადიოდნენ ბოშები... ჩვენმა მასპინძელმა ისინი სუფრასთან მოიპატიჟა და ცეკვა შეუკვეთა... ერთ-ერთი ბიჭი, მართლა ძალიან სიმპათიური. მომიახლოვდა და ჩემს წინ შეასრულა ეს ცეკვა... უნდა გაგიმხილოთ, რომ იმ სუფრასთან იჯდა ერთი ადამიანი, ვისაც ეს არ მოეწონა და შეუბღვირა მოცეკვავეს... იმ ბიჭმა არ მიაქცია ყურადღება და ცეკვა გააგრძელა... თანაც, ცეკვის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საცეკვაო ფართს ამცირებდა... ჯერ მაგიდასთან დიდი ნოხი დააგო, მერე საშუალო, მერე პატარა... მერე მთლად პატარა... ამ დროს ის „ერთი ადამიანი სუფრაზე" სულ უფრო და უფრო ბრაზდებოდა და ითხოვდა ცეკვის დასრულებას... მთელი სუფრა იჭერდა... მე მონუსხულივით თვალს ვერ ვაშორებდი მოცეკვავეს, რომელიც საერთოდ არაფერს არ აქცევს ყურადღებას ცეკვის გარდა... ბოლოს ჯიბიდან ამოიღო ცხვირსახოცი, დააგდო ჩემი სკამის წინ და მასზე დაასრულა ცეკვა.. მერე თავი დამიკრა, აიღო ცხვირსახოცი და წავიდა... ანუ, ასი წელი არ ვაინტერესებდი, მაგრამ ის ცეკვავდა და ეს იყო მისი საქმე და არ შეწყვიტა, სანამ არ დაასრულა... სხვათაშორის, იმ ერთ ადამიანს რომ ზედმეტი კონსპირაცია არ გამოეჩინა თავიდან და ჩემს გვერდით დაეკავებინა ადგილი, დარწმუნებული ვარ, ის ბიჭი სხვას მონახავდა სუფრაზე, ვისთვისაც ეცეკვა...
მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ინდოეთის ერთ-ერთი თანამედროვე ენა - ჰინდი და ბოშების ენა მონათესავე ენებად ითვლებიან. ბოშებს ესმით ჰინდიზე ელემენტარული ფრაზები და ამიტომაც ძალიან უყვართ ინდური ფილმები...
ამბობენ, რომ ე.წ. „მუცლის ცეკვაც" ბოშების გამოგონილია და მერეა გავრცელებული არაბეთის ქვეყნებში...
ბოშების ერთ-ერთი ტრადიციული კერძია - შემწვარი ან მოთუშული ზღარბი... ძალიან უყვართ ჩაი, რომელშიც ვაშლის და ლიმონის სქელ ნაჭრებს ამატებენ, თანაც მიირთმევენ სქელი შუშის ჭიქებიდან...
თუ ბოშას ყურში ერთი საყურე უკეთია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ოჯახში ერთადერთი ვაჟია.
და მართლა საოცარი ფაქტი, ბოშები არასდროს ავადდებოდნენ კეთრით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს ავადმყოფობა მძვინვარებდა... ეტყობა, კეთრს ბოშური სიმღერები არ ნაყვარება.
მე კი ძალიანაც მიყვარს და გთავაზობთ ცნობილ რომანსს, კიპლინგის ლექსზე „ბოშათა ბილიკი"... (წარმოიდგინეთ, რომ გიმღერით და ძალიან წარმოიდგინეთ, რომ კარგად)
„Мохнатый шмель на душистый хмель,
Цапля серая в камыши,
А цыганская дочь за любимым в ночь
По родству бродяжьей души.
Так вперед за цыганской звездой кочевой,
Hа закат, где дрожат паруса
И глаза глядят с бесприютной тоской
В багровеющие небеса!"
მაშ, გილოცავთ გაბურძგვნილი ბზიკებისა და მობოდიალე ვარსკვლავების დღეს და გისურვებთ შინაგანი სიმების აწყობასა და მოწესრიგებას, რადგანაც, როგორც ერთმა ბრძენმა მხცოვანმა ბოშამ თქო...
„უსიმებო გიტარა არავის არაფერში არ სჭირდება", - წერს ლელა ანჯაფარიძე.