საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკელებსა" და „მრეწველებს" შორის არსებული დაპირისპირება კოალიციისთვის დამაზიანებელია. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, თუკი გოგი თოფაძეს „რესპუბლიკელებთან" მიმართებაში კითხვები ჰქონდა, ეს საკითხი კოალიციის შიგნით უნდა განეხილა და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, შემდეგ უნდა ესაუბრა საჯაროდ.
„ვეთანხმები პრემიერის განცხადებას. ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ, სანამ კოალიციის შიგნით არ მოითელება ეს საკითხები, საჯაროდ არ უნდა გამოვიტანოთ. ეს უხერხულობას იწვევს. ჩვენ ვართ კოალიცია, ვითვლებით ერთ გუნდად, ასე მოვედით აქამდე და სასურველია, არჩევნებამდეც ასე მივიდეთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ასეთი რადიკალური განცხადებები. თუმცა, განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს და პარტიის შიგნით მეც მითქვამს გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ამიტომ, ასეთი განცხადებების კეთებას, აჯობებს გუნდში გაირჩეს პრობლემა და თუ აუცილებელი იქნება, შემდეგ გამოვიდეს სააშკარაოზე. მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებებისგან ბატონ გოგის თავი უნდა შეეკავებინა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.
მიუხედავად კოალიციაში არსებული ვითარებისა, ომარ ნიშნიანიძე მისი დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს. როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, „ქართული ოცნების" გარდა კოალიციის დატოვება არავის ინტერესში არ შედის, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ შეიძლება არჩევნებზე ბარიერიც კი ვერ გადალახონ.
„არა მგონია, კოალიციის დაშლის საფრთხე არსებობდეს. არცერთ სუბიექტს, „ქართული ოცნების" გარდა, კოალიციიდან გასვლა არ აწყობს. რომ წავიდნენ, მერე რა უნდა ქნან?! ფაქტობრივად მარტო რჩებიან და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, არჩევნებზე ბარიერიც კი ვერ გადალახონ. ამიტომ, მათ არ აწყობთ კოალიციიდან გასვლა. რაღაც წინააღმდეგობები არის, მაგრამ ვფიქრობ, ეს პრობლემები მოგვარებადია", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.