logo_geo
eng_logo
უკრაინული ფილმი: „სააკაშვილის რეალური სახე“
- +

5 აპრილი. 2016. 12:43


სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული ფილმი, რომელშიც ქართველი რესპონდენტები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ ამბებს ჰყვებიან. 45-წუთიანი ფილმი მაყურებელს მოუთხრობს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, საკუთრებისა და სიცოცხლის უხეშ ხელყოფაზე. „ფოსტალიონი" ფილმში გადაღებულ 26 მაისის მონაწილეს, რეზო რეხვიაშვილს გაესაუბრა.



- როგორ დაგიკავშირდნენ ფილმის ავტორები?

- დამირეკეს და მითხრეს, რომ კიეველი ჟურნალისტები უყვნენ და ჩემთან დალაპარაკება სურდათ. ამიხსნეს, რომ ამზადებდნენ ფილმს სააკაშვილის შესახებ და ვინაიდან ეს კაცი ასე აქტიურად ჩაება მათი ქვეყნის პოლიტიკაში და უკვე ამ ქვეყნის ბედის ერთ-ერთი გადამწყვეტი არის, უნდათ, რომ უკრაინელ მაყურებელს მოუთხრონ, საკუთარ ქვეყანაში როგორ მოღვაწეობდა. მათ განმიმარტეს ისიც, რომ უკრაინელ ხალხს წარმოდგენაც არ აქვს სააკაშვილის უწინდელ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, უკრაინაში ჩავიტანოთ ობიექტური ინფორმაცია მის შესახებ, დანარჩენი კი ხალხმა თავად გადაწყვიტოსო. ჩემი კოორდინატები მათ თურმე ერთ-ერთმა უფლებადამცველმა მისცა.

- ტელეჟურნალისტები იყვნენ?

- კი, მე სავიზიტო ბარათი გამოვართვი და შევამოწმე. უკრაინის ერთ-ერთი ტელეარხიდან იყვნენ. ავუხსენი, თავიდან იმიტომ შეგხვდით უნდობლად, რომ რუსული არხიდან მეგონეთ-მეთქი.

- რუსულ არხს ინტერვიუს არ მისცემდით?

- მე ასეთი პრინციპი მაქვს. რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო ამათზე, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილი გარეთ არ უნდა გაიტანო, მით უმეტეს, რუსეთში. უკრაინა ცოტა სხვა თემაა. ჯერ ერთი, მეგობარი ქვეყანაა, თან სააკაშვილი ახლა იქ არის და იქიდან კიდევ გვიმზადებს რაღაცეებს, არ გვასვენებს. ხან გადატრიალების მომზადებას გვპირდება, ხანაც სხვა ბნელი აზრები მოსდის თავში. მოკლედ, დავთანხმდი ინტერვიუზე. ძალიან სიმპათიური, განათლებული და ინტელიგენტი ადამიანები იყვნენ. ბევრი ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფილმში არ მოხვდა. მე „ფეისბუქზე" შემთხვევით ვნახე გუშინ ეს ფილმი, ხალხი აზიარებდა. კიევის ტელევიზიით უკვე გასულა.

- საინტერესოა, რა გამოხმაურება ჰქონდა ფილმს უკრაინაში?

- ჯერჯერობით არ ვიცი. როცა მოვიცლი, აუცილებლად გადავავლებ თვალს უკრაინულ საიტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჟურნალისტები არ არიან უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში, როგორც თვითონ თქვეს, მათ არც ბენდერების და არც რომელიმე დაჯგუფების მიმართ არ აქვთ სიმპათია. ნორმალური, კიეველი, ქალაქელი ხალხია და მართლაც სტკივათ თავისი ქვეყანა.

- და რა სტკივათ, რა სიტუაციაა ახლა მათი თქმით უკრაინაში?

- რა სიტუაციაა და, დააშინეს ხალხი გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც დაძრწიან აქეთ-იქით და ატერორებენ ადამიანებს. მიშას რაც შეეხება, თქვეს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა მის მიმართო. ოდესელები, მოგეხსენებათ, მხიარული ხალხია და ყველაფერს იუმორით უყურებენ, ამიტომ ძირითადად მიშას შაყირში არიანო.

- ეტყობა, ჯერ არ დაუწყია რეპრესიები და ქონების გადაფორმება ღამის ნოტარიუსებთან...

- არა. ჯერ ვერ გაილაღა. მის წინააღმდეგ პატარა ძალა არ არის - კოლომოისკი, იაცენიუკი, ავაკოვი. როგორც ჟურნალიტებმა მითხრეს, დღეს იქ ზუსტად ის სიტუაციაა, რაც ჩვენთან, 90-იანებში იყო. იქ რაც ახლა ხდება, ჩვენთან „მხედრიონის" დროს ხდებოდა. არის ქონების გადანაწილება, მაგრამ ეს ყველაფერი არაოფიციალურად ხდება. ღამის ნოტარიუსები, პროკურატურა და სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან ამაში ჩართული. თუმცა მე ვუთხარი, რომ მიშა პრემიერი თუ გახდა, მერე განახებთ სეირს. იმას, რაც ახლა ხდება, გააპრავებს, სახელმწიფო სტრუქტურებში გადმოიტანს და დაიწყებს ტერორს-მეთქი. „გათავნის" მთელ უკრაინას ისე, როგორც ჩვენთან ხდებოდა-მეთქი და მოვუყევი, როგორ ხდებოდა ქონების წართმევა ჩვენთან.

- ეს ოდესაში, მაგრამ კიევში რა ხდებაო?

- მათი თქმით, კიევი ჯერ ნეიტრალურია და სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, დავანახოთ ხალხს, ვინ ვინ არისო.

- როგორ ფიქრობთ, ამ ხალხმა რამე ახალი შეიტყო თუ უკვე მომზადებული იყვნენ ?

- საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან. ყველაფერი იციან, მაგრამ როგორც ამბობენ, ფართო მასებს უნდათ გააგებინონ, ვისთან აქვთ საქმე. ასეთი კითხვაც დამისვეს, 26 მაისთან დაკავშირებით რატომ იყავით წინააღმდეგი, რომ აღლუმი ჩატარებულიყოო. ავუხსენი, რომ 2008 წელში რაც დაგვემართა - ტერიტორიები დავკარგეთ, ხალხი დაგვიხოცეს, ამის შემდეგ რომელ ლოგიკაში ჯდებოდა აღლუმის ჩატარება და ზეიმი? წაგებული ომის მხედართმთავარი აღლუმს ატარებდეს, სად გაგონილა-მეთქი?

- ახლა ის მითხარით, თუ არის რაიმე ახალი 26 მაისის დარბევის გამოძიებასთან დაკავშირებით.

- არაფერი საერთოდ. ეს საქმე გაჩერებულია და მეც უკვე დავიღალე ჟურნალისტებთან ერთი და იმავეს თქმით - არაფერი არ ხდება, არანაირი სიახლე არ არის. მე კი როგორ ვიაქტიურო? რაც შემეძლო გავაკეთე, ახლა წარმოდგენა არ მაქვს, რა ვქნა. ველოდები.

- არავის აღარ ახსოვს თქვენი მეგობარი, რომელიც იმ აღლუმის შემდეგ სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს?

- არ არის მასე. როცა უნდათ და გაუჭირდებათ, მაშინვე ახსენდებათ 26 მაისი. კვირიკაშვილი, რომელმაც ლაპარაკში ვერ აჯობა დემაგოგ ნაციონალებს, თითქოს კუთხეში მიაყენეს, მაგრამ მერე მოუტრიალდა და უთხრა, თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, 26 მაისს გვამები აყარეთ მაღაზიის თავზე, მაგ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთო. მოკლედ, როცა დასჭირდებათ, მშვენივრად აპელირებენ ამ თემით. ამიტომაც არის ხალხი გულგატეხილი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner