logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ცეცხლის შეწყვეტა ამ პატარა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
- +

8 აპრილი. 2016. 12:55


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „რეპორტიორთან" მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრობს. მისი თქმით, ეს დაძაბულობა და პრობლემა დესტაბილიზაციას უქადის მთელ რეგიონს და ჩვენი მეზობლები უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.

 

„კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში გაყინული იყო და ახლა გააქტიურდა, რა თქმა უნდა, ჩვენი განსაკუთრებული წუხილის საგანია. ნებისმიერი მსხვერპლი არის ძალიან შემაშფოთებელი და ვფიქრობ, რომ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ეს დაძაბულობა და პრობლემა დესტაბილიზაციას უქადის მთელ რეგიონს. საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, პირველ რიგში მინსკის მოლაპარაკებების ფორმატის მონაწილეებმა, სწორედ ამ ფორმატში იხილება ეს საკითხი და აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი, მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით და მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს.

 

აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სომხეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია, ძირძველი ქვეყანა, რომელთანაც საუკუნეები გვაკავშირებს. საქართველოში გვყავს ორივე ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან და, ბუნებრივია, ისინი წუხან ამ თემაზე. ეს კონფლიქტი მათზეც აისახება. რა თქმა უნდა, გვინდა ვითარება რაც შეიძლება მალე მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

 

ჩვენი ქვეყნის 20%-იც ოკუპირებულია და მშვიდობიანი გზით ვცდილობთ ამ კონფლიქტის მოგვარებას, ბუნებრივია, იმავეს ვურჩევთ ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებსაც.

 

ამ პატარა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლი იყოს შეწყვეტილი და ჩვენი მეზობლები მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. საქართველო ამ პროცესში პირდაპირ ვერ ჩაერევა, აქ უფრო საერთაშორისო მოთამაშეების როლია მნიშვნელოვანი, რომელთაც ხელშესახები გავლენა აქვთ ამ პროცესზე. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ის ყოველთვის ღიაა როგორც ბაქოსთვის, ასევე ერევანისთვის, იყო განცხადებები, რომ თბილისი იყოს მოლაპარაკების ზონა, ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ", - ამბობს მანანა კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner