„ეს არ არის პარტიათა შორის ომი. ეს არის პიროვნული დაპირისპირება, კონფლიქტი", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გოგი თოფაძესა და რესპუბლიკური პარტიის წევრებს შორის არსებულ დაპირისპირებას. როგორც ქანთარიამ „რეპორტიორთან" საუბარში განმარტა, მას იმედი აქვს, რომ არსებული ვითარება მოგვარდება და არცერთი პარტია არ დატოვებს კოალიციას.
„რა თქმა უნდა, კარგია, თუ ეს ყველაფერი გარეთ არ გამოვა ხოლმე, მითუმეტეს, წინასაარჩევნოდ. უმჯობესი იყო, ეს ყველაფერი კოალიციის რეჟიმში გადაწყვეტილიყო და იმედი მაქვს, ასეც მოხდება.
მე ბატონი გოგისგან კოალიციის შიგნით, თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მსგავსი განცხადებები არ მომისმენია მანამ, სანამ საჯაროდ არ განაცხადა. ეს უფრო მწარე ენის ამბავია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს ეს ყველაფერი პარტიათა შუღლში.
ეს ვითარება არ უნდა გახდეს რომელიმე პარტიის კოალიციიდან გასვლის საბაბი და იმედი მაქვს, ასე არც მოხდება. ამ ეტაპზე კოალიციის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ ეს ვითარება კოალიციაშივე ჩაცხრება", - განაცხადა ქანთარიამ.