logo_geo
eng_logo
ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმი - „მტერი ჩემი - ძმა ჩემი“
- +

2 ივლისი. 2017. 02:20



20 ივნისს კინოთეატრ „ამირანში" რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმის „მტერი ჩემი - ძმა ჩემი!" პრემიერა გაიმართა. ფილმი, რომელიც ბატონმა ლევანმა მაყურებელს წარუდგინა, ჩვენი ტკივილიანი ისტორია, მოუშუშებელი ჭრილობაა, რამაც ჩვენი ძმები - აფხაზები უკვე 24 წელია მტრებად გვიქცია. ფილმის დასასრული ერთდროულად იმედიანიცაა, მიმტევებლურიც, ტკივილიანიც და ქართველი კაცის ვაჟკაცობის სიმბოლოც. „ამირანში" პრემიერაზე შეკრებილი მაყურებელი ფილმის დასასრულს თვალცრემლიანი ოვაციებით შეხვდა. პრემიერას არაერთი საზოგადო მოღვაწე, რეჟისორები, მათ შორის, ფილმის მონაწილე მსახიობებიც დაესწრნენ.


„საერთო გაზეთს" რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე ესაუბრება:


- ბატონო ლევან, წესით, არავითარი საბაბი არ არსებობდა, რათა ქართველების და აფხაზების ურთიერთობა ასეთი დიდი გაყრით დასრულებულიყო და ძმა მტრად გვქცეოდა. თქვენი ფილმი „მტერი ჩემი - ძმა ჩემი!" სწორედ ამ თემატიკაზეა აგებული. ფილმის შექმნის იდეა როგორ დაიბადა?

 

- ჩვენ, ამ თემას თავიდანვე ძალიან არასერიოზულად მივუდექით, თითქოს, სწორად ვერ აღვიქვით ის, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება. როცა კვამლი გამოჩნდა, ზუსტად მაშინ ხალხი დუბაიში გასართობად მიდიოდა. ამ დროს კი კვამლი ძლიერდებოდა, ჯერ კოცონად იქცა და მერე ისეთი ხანძარი გაჩნდა, რომ ჩვენს საქართველოს მთელი გულ-ღვიძლი ამოაგლიჯა. იცით, რა მახსოვს - აეროპორტისკენ რომ მივდიოდი, ასეთი წარწერა მხვდებოდა - გვახსოვდეს აფხაზეთი! გავიდა დრო, ისევ გავიარე ამ გზაზე და უკვე ეწერა - „ხსოვდეს აფხაზეთი", მერე - „ოდეს აფხაზეთი", მერე - „დეს ზეთი", მერე - „ეთი" და ბოლოს „თი" დარჩა. ანუ, წარწერაც კი წაიშალა, მისი თავიდან დაწერაც კი არ მოისურვეს არც მთავრობის წევრებმა და არც რიგითმა ადამიანებმა. ერთი წინადადებაც კი - გვახსოვდეს აფხაზეთი ოთხჯერ თუ ხუთჯერ ისე წაიშალა, არცერთხელ შესწორებულა. ეს პირდაპირი მაგალითია, ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი დამოკიდებულების. ეს ფილმშიც ავსახე: ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა ქართველი ბიჭები არაოფიციალურ შეხვედრაზე მიდიან, უცებ, რადიოში რეკლამა გადის და გვთავაზობენ დასასვენებლად დუბაიში წასვლას. ეს ხომ ნაღდი ამბავია, ჩემი მოგონილი არაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავდით და გვესმოდა. სცენარს რაც შეეხება, დიდი კინორომანი მქონდა ჩაფიქრებული, რომელიც სერიოზულ თანხებს მოითხოვდა. პირველი ვიყავი, ვისაც აფხაზეთის თემაზე ფილმის გადაღება მინდოდა. „ციცინათელების" გადასაღებად დიდი თანხა მჭირდებოდა. მაშინდელი პრემიერის, ღარიბაშვილის ბრძანებით საქართველოს ვეტერანთა სამსახურმა 60 ათასი ლარი გამოყო, რათა თიზერი გადაღებულიყო, რაც მერე მთავრობისთვის უნდა მეჩვენებინა. „ციცინათელებიდან" ერთი ეპიზოდი ავიღე - კავკასიელთა შეხვედრა და მისი გადაღება დავიწყე. საოცარი პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფით გადავიღე ფილმი, რომელმაც საქართველოს კინემატოგრაფიაში დამოუკიდებელი ადგილი მოიპოვა.


- ბატონო ლევან, ფილმში ბევრი საყურადღებო მესიჯია. აფხაზებმა თუ ნახეს ეს ფილმი და რა რეაქცია ჰქონდათ?

 

- ფილმში არის ერთი ასეთი მესიჯი, როცა ერთ-ერთი გმირი ამბობს: ჩვენ, ყველანი დამნაშავენი ვართ საქართველოს წინაშე. იცით რა, ეს სიმართლეა იმიტომ, რომ კავკასიას შეეძლო საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში გადამწყვეტი როლი ეთამაშა. მაგრამ მესამე ძალას არანაირად არ აწყობდა ზავი, პირიქით, ყველანაირი პროვოკაციებით ცდილობდა რაც შეიძლება მეტად გაეღრმავებინა ძმებს შორის კონფლიქტი. ფილმში ეს პირდაპირ მაქვს გადატანილი: როდესაც ქართველის ოჯახის აფეთქება ხდება, მას მოჰყვება სიტყვები - ეს ნობათი თქვენმა აფხაზმა მეგობარმა ტოგომ გამოგიგზავნათო. მერე, აღმოჩნდება, რომ ასაფეთქებელი ტოგოს გამოგზავნილი არაა. ასე ძაბავდნენ სიტუაციას, რათა კაცი კაცს გადაჰკიდებოდა, ოჯახი ოჯახს. კარგად მოგეხსენებათ, უამრავი ოჯახი იყო შერეული ტიპის, რომლებიც გახლიჩეს. ეს პატარა საქართველოები ოჯახიდან გახლიჩეს. ამ ოჯახებს პატარა საქართველოებს ვეძახდი. მათი გახლეჩით ისე მოხდა, რომ მთლიანად ქვეყანა გაიხლიჩა. უამრავი მეგობარი მყავს ჩეჩენი, ინგუში. მათ მართლა დიდი სურვილი ჰქონდათ, საქართველო რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო ამ ბრძოლიდან. ვისაც კი ქართველთა მშვიდობა უნდოდა, მხედველობაში მყავს აფხაზები, ყველა დახვრიტეს, თანაც თვითონ აფხაზებმა. აქედან გამომდინარე, ეს მესიჯებივ სწორედ ამ ადამიანებს გავუგზავნე. ერთმა ცნობილმა პიროვნებამ მითხრა ეს ძალიან სენსიტიური თემაა და ყველაფრის თქმა არ შეიძლებაო. მე კი ვთვლი, რომ ყველაფრის მიფუჩეჩება არ შეიძლება. ქართველებს ეს გვღუპავს. ბოლოს ისე ხდება, რომ დამნაშავეები თავად გამოვდივართ. ჩვენ, ამ ომში, დანაშაული არ მიგვიძღვის. დამნაშავე ვინც არის, ყველამ იცის. ფილმში პირდაპირ ასე მყავს მოხსენიებული, როდესაც ქართველი მას ეუბნება: თქვენ რომ გიყურებთ, კუკლების თეატრის რეჟისორი მგონიხართო. აქ ცხადზე ცხადია, რაც არის ნათქვამი. იმიტომ, რომ იმ პერიოდში რუსები კავკასიელ ხალხებს მართლაც მარიონეტებივით ათამაშებდნენ. სხვა არაფერი არ მომხდარა. ქართველებს რაღაც უკიდურესობები გვჭირს, ვიძახით: ეს სენსიტიური თემაა, მოდი, ამას ნუ ვიტყვით, არ გაღიზიანდნენ, მოდი, არ ვაწყენინოთ და ა.შ. იცით, რას გეტყვით: ჩვენ, აი, სწორედ ამან დაგვღუპა. იცი რა: კიდეც უნდა ვთქვათ, კიდეც შევუთვალოთ და თუ მაგრები ვართ პრინციპულებიც ვიყოთ. აქვე გეტყვით, როცა ფილმის გადაღებას მოვრჩით, რუსულ ტექსტებს ქართული სუბტიტრები დავადეთ. აფხაზურადაც გვინდოდა იგივე, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ მთლიანად გვეთარგმნა. ავიყვანეთ ერთი აფხაზი ქალბატონი, რომელმაც „მტერი ჩემი - ძმა ჩემი!" მთლიანად აფხაზურ ენაზე თარგმნა. და იმედი მაქვს, იგი, სახალხო დიპლომატიის კუთხით, აუცილებლად შევა აფხაზეთში და დარწმუნებული ვარ ამით 15-20 ოჯახს მაინც ჩავიხუტებთ, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

- ხელისუფლებამ თუ ნახა ეს ფილმი და რა რეაქცია ჰქონდა?

 

- 20 დეკემბერს შიდა ჩვენებაზე როცა ფილმი ჩავაბარე, ხელისუფლებიდან მქუხარე ტაში მოჰყვა, ძალიან მოეწონათ. მათ მივმართე: აქ, ბრძანდებით ჩემი ქვეყნის ხელმძღვანელობა, გაძლევთ ამ მართალ ფილმს და ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ, ძალიან გთხოვთ, ეს საქართველო-აფხაზეთის დაახლოებაში გამოიყენეთ-მეთქი. მას მერე დიდი დრო არ გასულა, ვნახოთ, რა შედეგი ექნება ყოველივეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner