დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არჩევნების თარიღი არის გამოცხადებული და ეს არის ძალიან კარგი, როცა პარტიებმა 6 თვით ადრე იციან ზუსტი თარიღი, როდის იქნება არჩევნები.
„როცა მწვრთნელმა, რომელიც გუნდს ოლიმპიადისთვის ამზადებს, თარიღი ზუსტად იცის, ისე ამზადებს, რომ არც გადაიწვას სპორტსმენი და იმ დროს იყოს პიკში. ასევეა პარტია, რომელმაც იცის, როგორ დაგეგმოს საარჩევნო კამპანია 6 თვით ადრე. ეს ძალიან კარგია ნებისმიერი პარტიისთვის - ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ისეთი პარტიებისგან ისმის პრეტენზიები, რომ ეს „ქართულ ოცნებას", ხელისუფლებას აწყობდა, რომლებისთვისაც მართლა არ აქვს მნიშვნელობა, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან მათ არავითარი შანსი არ აქვთ. სულ რომ გავაუქმოთ ეს კალენდარი და ინკების ან აცტეკების კალენდარი შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ იმ თარიღს, რომელიც მათთვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.