ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი იყო, ისევ ხალხმრავლობაა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებსაც ტერიტორია შემოსაზღვრული აქვთ და პერიმეტრზე იქ მყოფებს არ უშვებენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გამომძიებლებიც.
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია. თუმცა, როგორც მეხანძრეები ამბობენ, რჩება ცეცხლის რამდენიმე კერა. მათი თქმით, ხანძრის სრული ლიკვიდირება ჯერ არ მომხდარა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში საზოგადოებრივს განუცხადეს, ადგილზე 24 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ცეცხლს 230 მეხანძრე მაშველი აქრობდა.
სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დამწვარია 2500კვ.მ-დე ფართი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი შენობას გაუჩნდა, სადაც ავტონაწილები და საბურავები იყიდება. ადგილზე შეკრებილი არიან მაღაზიის მეპატრონეები.