ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დაიწვა, ხალხო, კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა... შეიძლება დაწვეს, არ ვიცი, თავს ვერ დავდებ, რომ თავისით დაიწვა, უბედური შემთხვევა იყო, ფაქტია, დაიწვა და დასცხეს კიდევაც „ნაციონალებმა" ბუკი-ნაღარა: არიქა, მამული გვეწვისო, მთელი ქვეყანა „კარფურად" უნდა აქციოსო, ერთი დაწვა, ორი დაწვა, სამი, ოთხი, ათი, აღარა კმარაო?!
ვაჰმე... აღარ გაახსენდათ, ამ ჩემის ქინძისთავებს, რომ ვისაც უნდა დაეწვა, იმას ორი კვირის წინ ინსულტმა „დაარტყა", მერე წამოხტა და საქართველოდან გაიქცა. არაო, თურმე არც ინსულტს დაურტყამს და არც საქართველოდან გაქცეულა, ეგ ყველაფერი იმიტომ მოიფიქრა, რომ აეგრე გადაბუგოს ჩვენი მამული და ვითომც არაფერი, ვითომც მოკვდაო, მაგან თავი მოიმკვდარუნაო!
ეს ჰო, გასაგებია, ქინძისთავებში კიდევ ბევრი ასეთი აჯაფსანდალი მოიხარშება, მაგრამ ვერ გამიგია, იმ კაცმა რო აქამდე ბაზრობები და ობიექტები დაწვა, „კარფურები" რატომ არ ააშენა, რაღას უყურებს, ერთბაშად უნდა დაიწყოს?!
ისე, ძაან მაგარი სურათი იყო, „ნაციონალი" უდუმაშვილი რომ მივარდა ცხელ ხაზზე ცარიელი ხელებით. ბიჭო, თუ დახმარება გინდოდა, ვედროებით უნდა მისულიყავი და წყალი გესხა ზემოდან, ვის უპარჭყავდი იქ ხელებსა? აუუუუ... ძალიან ამაზრზენია ამათი სპექტაკლი: ვაიმე, მეხანძრეებს წყალი არ აქვთო! თქვენი დედაო, სად ხართ, გადაიბუგა მთელი ქალაქიო! ნარმანიავ, რათ იმალებიო?! ხელისუფლება უნდა დაწვა ამ ხანძარშიო! ვაააახ, საწყალი ხალხიო, ბიძინამ ესენიც გაწირაო!
ჰა, ჰა, ჰა... გეგონება მართლა ქვეყანა და ხალხი ადარდებთ... თქვენი არ ვიცი და, მე ეგრევე ბათუმის ამბები გამახსენდა, საკუთარი ხელით რომ წაუკიდეს ქალაქს ცეცხლი და მერე დამგეგმავები ნელ-ნელა გამოვიდნენ თბილისსა და ქუთაისში ვანდალების მხარდასაჭერად. ივლისში ხელისუფლებას დავამხობთო, იძახიან ჩუმ-ჩუმად „ნაცები" და მათთან გათანაბრებული პირები. მეცინება, სად არი თქვენი დასამხობი ხელისუფლება? ბოლო დროს ბევრი მისვამს კითხვას: „რეიზა ემხრობი ამ ხელისუფლებას"? მდააა... ხელისუფლებას კი არ ვემხრობი, საკუთარი თავის დარდი მაქვს მას შემდეგ, რაც ჩემი თვალით ვნახე ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების გაძევება და ავაზაკების როკვა წლების განმავლობაში. მაშინაც მისვამდნენ კითხვას: „რეიზა ემხრობი გამსახურდიას, რავა, ზვიადისტი ხარ"?! არ ვიყავი ზვიადისტი, არც ზვიადს ვიცნობდი პირადად და არც ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში ვმუშაობდი და ვხედავდი, რა სიბინძურეებს კადრულობდნენ ჩემი ე.წ. კოლეგები და მათთან გათანაბრებული პირები. არ მინდოდა ქვეყნის დამხობა, 1991 წლის დეკემბერში პარლამენტსაც შემოვატყით ცოცხალი ჯაჭვი ქართველებმა და ვიხვეწებოდით, არ ისროლოთო, მაგრამ ისროლეს... დაგვჭრეს, აგვაფეთქეს, აგვაოხრეს და თანაც ისე, დღემდე რომ ვეღარ მოგვიშუშებია იარები!
მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდი რამ ხდებოდა, ერთი სიკვდილი გადავიტანე, როცა ახალი წლის დღეებში ზვიად გამსახურდიამ დატოვა თბილისი... მაშინ მეც დავტოვე რაღაცა, გული გამინახევრდა. რასაც დღეს კადრულობენ მოღალატეები, რაც დღეს უხარიათ მანქურთებს, ეს ყველაფერი ნაცნობია ჩემთვისაც და თქვენთვისაც, 1991 წლის სექტემბერში ირინა სარიშვილმა მოაწყო პროვოკაცია კინოს სახლთან, ვიღაცას გაასროლინეს პისტოლეტი და ვიღაცა გაკაწრეს. აქედან აგორდა დამანგრეველი ტალღა. სამწუხაროდ, სარიშვილი და მსგავსი პროვოკატორები ისევ ბოგინობენ ამ ქვეყანაში. დიახ, სარიშვილები და სხვა გვარგადაკეთებული გამყიდველები კიდევ ცდილობენ ქვეყნის არევას. აღარ გამოვა, არ დავუშვებთ, იმავე მეთოდებით დააქციონ დაგააპარტახონ ქვეყანა. მე (და ალბათ თქვენც) პირადად საკმაო გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ცეცხლი იქით წავუკიდო მოღალატეებს, ანუ მათ, ვინც ხანძარს თუ რაიმე უბედურ თემას გამოიყენებს პოლიტიკური თვალსაზრისით!
ამდენის თქმას არ ვაპირებდი, ამდენის გახსენება არ მინდოდა, რაც იყო, იყო, ჯანდაბას, აწი აღარ მოხდება. სასაცილოა ხანძართან უდუმაშვილის მივარდნა და დიდუბის გამგებელთან კამათი ვითომ განრისხებული ტონით, ეს მიშას მიერ დამუღამებული მეთოდია, რომელიც აღარ მუშაობს, გაცვდა, გაფუჭდა, გაიშიფრა. ადამიანი, რომელიც ისევ სააკაშვილის მეთოდებით აპირებს თბილისის მერობას, საცოდავია, უკვე დამარცხებისთვისაა განწირული. არიქა, მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათო, ამით ვეღარ მოატყუებ საზოგადოებას... არადა, ალეკო ელისაშვილი თავგამოდებით ამტკიცებს ამას. შე კინტაურა პოლიტიკოსო, თუ წყალი არ ჰქონდათ, როგორ ჩააქრეს ხანძარი? მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან გააკეთეს განცხადება, როცა პლასტმასი იწვის, ამ შემთხვევაში სპეციალურ ქაფს ვიყენებთო. არ გინდა, რააა, შეიძლება დაბოღმილი ხარ, მაგრამ არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო. მე მესმის, ძალიან ძნელია, გადაყლაპო ბოღმა, რომ რაღაცა არ გაგიკეთეს, რაღაცაზე უარი გითხრეს... როცა საქმე სახელმწიფოს ეხება, ვალდებული ხარ, დაოკდე და დაეგდო სადმე კუთხეში!
აბა, რა გითხრათ, კიდევ რით გაგახაროთ? ჩვენ ომში ვართ და თავი უნდა დავიცვათ უამრავი მომხვდურისაგან, სხვა გზა არ გვაქვს!!!" - წერს ზედელაშვილი.