უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ივან რუსნაკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში 2,7 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 10 ათასზე მეტი დაშავდა.
„გამოუცხადებელმა ომმა უკვე უამრავი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 2,700 დაღუპული სამხედრო და 10 ათასზე მეტი დაშავებული", - განაცხადა ივან რუსნაკმა.
მისი განცხადებით, დონბასში მიმდინარე კონფლიქტის გამო უკრაინის ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
„აღმოსავლეთ უკრაინაში განადგურებულია ენერგეტიკის, სატრანსპორტო, სოციალური და სხვა ინფრასტრუქტურის ობიექტები. ხალხი სამუშაო ადგილების გარეშე დარჩა. წინასწარი გათვლებით, პირდაპირი ზარალის საერთო თანხა დაახლოებით 50 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს", - განაცხადა ივან რუსნაკმა.
უკრაინის მთავრობის მონაცემებით, წელს დონბასში დაიღუპა 120 უკრაინელი სამხედრო და 47 სამოქალაქო პირი, ხოლო 900 სამხედრო და 100 სამოქალაქო პირი კი დაშავდა.