ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე, სახელმწიფო ბრალდება ექსპერტებს დაკითხავს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებზე ისაუბრებენ.
„დღეს დაიკითხებიან ბალისტიკური და ფიზიკოტექნიკური ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე, რომ ის არის კუსტარული წესით დამზადებული, უნომრო და ვარგისია გამოყენებისთვის. გარდა ამისა, დაიკითხებიან ჰაბიტოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტები, რომლებიც ისაუბრებენ ბრალდებულ გიორგი მამალაძესა და ირაკლი მამალაძეს შორის გამართული შეხვედრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე და განმარტავენ, რომ მასზე არ არსებობს არანაირი მონტაჟის ნიშნები, საუბარი მიმდინარეობს უწყვეტად და არანაირი ხელოვნური ჩარევები ამ ჩანაწერებში არ მომხდარა. გარდა ამისა, დაიკითხებიან ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ბრალდებულის ბარგიდან ამოღებულ ნივთიერებაზე ისაუბრებენ და განმარტავენ, რომ ეს არის ნატრიუმის ციანიდი და ასევე ისაუბრებენ მისი გამოყენების წესზე, ხერხებსა და იმაზე, თუ რა მავნე ზეგავლენას ახდენს ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
მისივე თქმით, დაიკითხებიან ასევე რევიზორები, რომლებმაც ბრალდებულსა და ერთ-ერთ შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლეს.
„ეს ხელშეკრულება ეხება გიორგი მამალაძის მიერ თითქოსდა აუდიტის ჩატარებას საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.