სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე დამონტაჟებული ბანერი წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას.
„გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში.