საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა. დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთი შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილია.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.
პროკურატურის მიერ დაკავებულია შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.