ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე დამატებითი ექსპერტიზა იმის გამო არ ჩატარებულა, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის უკანონო მოპოვება-შენახვას.
წიკლაურის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მხრიდან დაისვა კითხვები, თუ რატომ არ ჩაუტარდა იარაღს დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზა.
„ერთ-ერთმა ადვოკატმა, ეკა ლომიძემ ისიც განაცხადა საჯაროდ, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა იარაღის ქონას. მინდა ვურჩიო ამ კონკრეტულ ადვოკატს, რომ საჯარო განცხადებების გაკეთებამდე კარგად გაეცნოს საქმის მასალებს. ბრალდებულმა პირველივე დაკითხვისას აღიარა, რომ იარაღს ინახავდა და ეს იარაღი ამოღებულია მისი საძინებლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აღიარებს იარაღის ქონას და რომ ეს იარაღი მას ეკუთვნის, არავითარი დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების საჭიროება აღარ იყო. უდავოდ არის დადგენილი ის ფაქტი, რომ ბრალდებული, საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ ინახავდა იარაღს. მსგავსი უსაფუძვლო განცხადებებით ადვოკატები ეჭვქვეშ ვერ დააყენებენ ამ უტყუარ ფაქტს.
რაც შეეხება იმას, საიდან მოიძია ბრალდებულმა ეს იარაღი, რატომ ინახავდა და რა საჭირო იყო, რომ ეტარებინა ეს იარაღი, ამაზე ბრალდებულმა თავად უნდა გასცეს პასუხი და ამ კითხვებს დავუსვამთ ბრალდებულს, როდესაც დაიკითხება", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.