logo_geo
eng_logo
სააკაშვილმა კონსტიტუცია ვენეციის კომისიის გვერდის ავლით მიიღო და დანაშაული ბუკიკიოს დაჯილდოებით „გამოისყიდა“
- +

4 ივლისი. 2017. 15:19



2010 წლის 4 თებერვალს, ვენეციის კომისიის თავმჯომარე საქართველოში „ოქროს საწმისის" ორდენით დაჯილდოვდა. ჯანი ბუკიკიოს საპატიო ჯილდო მიხეილ სააკაშვილმა თავად გადასცა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" 2010 წელს კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი მანამ მიიღო, სანამ ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას გააკეთებდა. საქმე ისაა, რომ მანამდე ცნობილი იყო ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა პროექტს და სააკაშვილმა კარგად უწყოდა, რომ საბოლოო დასკვნა დადებითი არ იქნებოდა.


კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ" სხვა ტექსტი გაუგზავნა ვენეციის კომისიას, მაგრამ მიღებული იქნა აბსოლუტურად სხვა დასკვნა.


„უამრავი ნიუანსი იყო, მაგრამ მაშინ ამის ზუსტი განსაზღვრა და დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, კრიტიკულად ვიყავით განწყობილნი. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ბუკიკიო ორდენით დააჯილდოვეს თუ არა, მაგრამ ის ნამდვილად მახსოვს, რომ კონსტიტუცია მიღებული იქნა მანამ, სანამ საბოლოო დასკვნას დადებდა ვენეციის კომისია.

 

კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ვენეციის კომისიის დასკვნას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. საერთოდ, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია იყო კრიტიკული. ირაკლი კობახიძემ, რომელიც მაშინ გავიცანი, ძალიან პროფესიული შეფასება მისცა მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიღებულ კონსტიტუციას", - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.


ჯანი ბუკიკიომ ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებისას გაიხსენა 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები და აღნიშნა, რომ კომისიას მაშინაც კრიტიკული შენიშვნა ჰქონდა ზოგიერთ საკითხზე, რომელთა სრულყოფა ახლა მაინც უნდა მოხდეს.


„ვიმეორებ, კონსტიტუციის პროექტი კარგია. რა თქმა უნდა, არსებობს რიგი საკითხები, რომლის გაუმჯობესება შესაძლებელია, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი ტექსტია და მე ძალიან მსურს, რომ ეს პროექტი მიღებული იყოს რამდენიმე და არა ერთი პარტიის მხარდაჭერით, რათა კონსტიტუციამ საჭირო ლეგიტიმურობა მიიღოს", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.


პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბრალდებებს იმ ადამიანების მხრიდან ისმენენ, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს 2010 წლის კონსტიტუციას, სადაც ყველაზე დამახინჯებული იყო დემოკრატიის ყველაზე საბაზისო პრინციპები, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

 

„გამოვთქვი ჩემი მხრიდან მზადყოფნა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან მზადყოფნა, რომ გავაგრძელოთ ვენეციის კომისიასთან მუშაობა და ასევე პოლიტიკური დიალოგიც. არდანახვა იმ უზარმაზარი ნაბიჯების, რომელიც გადადგა ჩვენმა გუნდმა, ნამდვილად არის პოლიტიკური აქტი - მხოლოდ და მხოლოდ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ვერ ხედავს შეთანხმების პერსპექტივას პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის სტაბილურობას და კრიზისის თავიდან აცილების გზას უკავშირდება. თუმცა ვოლსკი მიიჩნევს, რომ კონსულტაციებს ყოველთვის უნდა ველოდოთ, რადგან ყოველთვის აქვს აზრი.


„პირადად მე და ჩემი გუნდის ბევრი წევრი ვერ ხედავს პერსპექტივას შეთანხმების, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ზოგს მიაჩნია, რომ კრიზისის თავიდან აცილება შეიძლება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნებით. ზოგი თვლის, რომ მთავარია პარლამენტს ჰქონდეს უნარი შექმნას სტაბილური მთავრობა. აქედან გამომდინარე, კონცეპტუალური განსხვავებები არსებობს მიდგომებსა და ხედვას შორის. 2024 წელს კი, იმედია არ იქნება ასეთი დიაპაზონი სხვადასხვა დაპირისპირებულ მოსაზრებებს შორის. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, განსახილველია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კონსტიტუციის შეფასებისას ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა და ახლა დათმობაზე არ წავა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება ორი მოსმენით მიღებულია, მესამე მოსმენით შეიძლება კოსმეტიკური ცვლილება შევიდეს, მაგრამ ძირეულად არ შეიცვლება.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner