შავი ზღვის შელფის სამხრეთ ნაწილში ამერიკულმა ნავთობკომპანიამ ჩაატარა კვლევები და გამოავლინა ფართობი, რომელზეც საჭიროა ბურღვითი სამუშაოების ჩატარება. საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში საქართველო ნავთობის ექსპორტიორი გახდება.
ამის შესახებ „პირველს" საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის მთავარმა გეოლოგმა, ექსპერტმა სოსო ღუდუშაურმა აცნობა.
„2000-იან წლების პირველ ნახევარში, საქართველოს შელფის სამხრეთ ნაწილში (დაახლოებით ენგურის შესართავის განედის სამხრეთით) ამერიკულმა ნავთობკომპანია „ანადარკომ" ჩაატარა კომპლექსური გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური 2D და 3D სეისმოძიება. გამოვლენილი იქნა რამოდენიმე ფართობი (პერსპექტიული სტრუქტურა) და შეფასებული იქნა ნახშირწყალბადების შესაბამისი კატეგორიის „პერსპექტიული რესურსებიც". ამ ფართობებიდან 2 მიჩნეული იქნა საძიებო ბურღვისათვის მომზადებულად. თუმცა ბურღვითი სამუშაოები არც ამჯერად განხორციელებულა", - აცხადებს სოსო ღუდუშაური.
მისივე ცნობით, კომპანია „ანადარკოს" მიერ ბურღვისათვის მომზადებულ 2 ფართობზე, ნავთობისა და გაზის „პერსპექტიული რესურსების" ჯამური რაოდენობა 84 მილიონ ტონას შეადგენს.
„კომპანია „ანადარკოს" მიერ ბურღვისათვის მომზადებულ 2 ფართობზე (პერსპექტიულ სტრუქტურაზე) მის მიერვე შეფასებული ნახშირწყალბადების (ნავთობი და გაზი) „პერსპექტიული რესურსების" ჯამური რაოდენობა შეადგენს 84 მლნ.ტ-ს (ოპტიმალური შეფასების ვერსია). „ანადარკოს" მიერ შესწავლილ შელფზე გამოვლენილ 2 ფართობზე (პერსპექტიულ სტრუქტურაზე) ამჟამად საჭიროა ბურღვითი სამუშაოების ჩატარება. წარმატების, ანუ საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული დაიწყოს ნახშირწყალბადების ექსპორტიც", - განაცხადა ღუდუშაურმა.
საქართველოს შავი ზღვის შელფზე მნიშვნელოვანი მოცულობების გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევები შესრულდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გასული საუკუნის 60-იან - 80-იან წლებში (სეისმოძიება, გრავიმეტრია, მაგნიტომეტრია, ფსკერის ექოლოტირება, დრაგირება, გეოქიმია). გამოვლენილი იქნა ცალკეული პერსპექტიული ფართობები, რომლებზეც შეფასებული იქნა ნახშირწყალბადების (ნავთობი და გაზი) ე.წ. „პროგნოზული რესურსებიც". თუმცა ბურღვითი სამუშაოები არ ჩატარებულა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა. მოპოვებული ნავთობის საერთო რაოდენობამ 38557 ტონა შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 1649 ტონით ნაკლებია.
2016 წელს მოპოვებული ნავთობიდან სასაქონლე ნავთობის წონამ 37921 ტონა შეადგინა.
საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად 5 ინვესტორი კომპანია ახორციელებს - „ბლეკ ოილ ენდ გეზი", „ჯინდალ პეტროლიუმ (ჯორჯია) ლიმიტედი", „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია", „ჯორჯია ოილ ენდ გეზი" და „ვი-პი ჯორჯია", ხოლო დანარჩენი 7 ინვესტორი კომპანია - „სტრეიტ ოილ ენდ გეზი", „ელენილტო", „ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი", „მარექსინი", „სტრეიტ (აჭარა)", „ტრანს ატლანტიკი", "საქართველოს ნავთობის კონსორციუმი" აწარმოებენ მხოლოდ ძებნა-ძიებით სამუშაოებს.
საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება 70,6 ათასი ტონაა.