12 ივლისს მცხეთის ახლად გახსნილ ნავსადგურში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში ფესტივალი Art-გენი გაიმართება.
ახალი ნავსადგურის ტერიტორიაზე რომლის პრეზენტაციაც ასევე 12 ივლის Art-გენზე გაიმართება, დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის გამოფენები; გამოფენა „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა" და ფოლკლორული კონცერტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს ფესტივალის რეგიონული ტურნე მცხეთის ნავსადგურში „თსუ გორდელას" სოლო კონცერტით დაიხურება.
კომპანიების „ფარმადეპოს" „აისის" და „თიბისი ბანკის" მხარდაჭრით Art-გენი 2017 სტარტს 10 ივლისს სურამში აიღებს ტრადიციულად თბილისის ტურით 17-24 ივლისს დასრულდება.
14 წლის არსებობის მანძილზე ფესტივალი Art-გენი ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე საავტორო, ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული, თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს. შემთხვევითი არაა, რომ წელს ერთ-ერთ რეგიონად იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული მცხეთა, კონკრეტულად კი მცხეთის ახალი ნავსადგური შეირჩა, რომელიც მცხეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
Art-გენი 2017-ის თბილისის ტურს 17 ივლისს გახსნის სოფი ვილი. 18 ივლისს Art-გენის სცენაზე ასევე პირველად წარსდგება ჯგუფი Asea sool,. 19 ივლისს ფესტივალის მსმენელისთვის რობი კუხიანიძე იმღერებს „აუთსაიდერ"-თან ერთად; 20 ივლისს - ჯგუფი „რეგიონი"; 21 ივლისს - ჯგუფი „ფრანი". 22 ივლისს Art-გენის სცენა ნინო ქათამაძეს და „ინსაითს" დაეთმობა; 23 ივლისს კი ნიაზ დიასამიძეს და „ 33ა" -ს. „ Art-გენი 2017" 24 ივლისს „სუხიშვილების" კონცერტით დაიხურება.
ერთი კვირის მანძილზე დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები. მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა"; რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ. ტრადიციულად წარმოდგენილი იქნება ასევე ჰამაკების ზონა და ქართული სამზარეულო.
ფესტივალი „Art-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.