logo_geo
eng_logo
დიმირი ხუნდაძე: რეგიონებში მოსალოდნელია კანაფის კულტივირებისა და მოხმარების საგრძნობი ზრდა!
- +

19 თებერვალი. 2016. 21:05


დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა გოგა ხაჩიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ჯანდაცვისა  და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დასაბუთებული მტკიცებულებები წარმოადგინა, თუ რატომ არ უჭერს მხარს ამ კანონპროექტს:


 

„ნარკოტიკული საშუალებების შესახებ" გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის მიხედვით, მარიხუანა, იგივე კანაფი, შეტანილია კონვენციის I სიაში, რადგან  ის მიჩნეულია სერიოზული რისკის შემცველად და ექვემდებარება კონვენციით განსაზღვრულ ყველანაირ კონტროლს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაეროს კონვენციები სახელმწიფოებს სთხოვს კანაფთან მიმართებით დააწესონ კონტროლის ყველაზე მკაცრი ფორმა. განსაკუთრებით საზიანოა კანაფის ხშირი მოხმარება ბავშვობაში. არადა, ცნობილია, რომ ადამიანები უხშირესად, სწორედ მოზარდობის წლებში სინჯავენ კანაფს. ევროპასა და აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდობის ასაკში კანაფის მოხმარება იწვევს ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითებას.  ასევე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანას მოხმარება ხელს უწყობს ფსიქიკური დარღვევების (შიზოფრენია) განვითარებას.

 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებში, სადაც უეცრად ხდება ნარკოტიკების კონტროლის მკვეთრად შესუსტება, ადგილი აქვს მოსახლეობაში ნარკოტიკების მოხმარების მატებას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა  ლიბერალიზაციის პირველ წლებში. მსგავსი დინამიკა აღინიშნება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ფართოდ არის დანერგილი პრევენციული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები, უნდა იყოს ზომიერი, მაქსიმალურად დაბალანსებული და კოორდინირებული.

 

 

მინდა ხაზგასმით გამოვყო,  რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის გავრცელებული აზრი, თითქოს კანაფი არ იწვევს დამოკიდებულებას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მავნედმომხმარებელთა 10%, მოზარდობის ასაკში მომხმარებელთა 17%, ხოლო ყოველდღიურ მომხმარებელთა  25-50%,  ხდება დამოკიდებული.   

 

 

ამის გამო, ვერ დავეთანხმებით  ნარკოტიკული საშუალების - კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე) შემთხვევაში პასუხისმგებლობის შემსუბუქებას.

 

 

ადმინისტრაციული პატიმრობა ვერ იქნება გამოყენებული, თუმცა სახდელის სახით, მხოლოდ ჯარიმა არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მიზანშეწონილი იქნება გათვალისწინებული იყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან სხვა ანალოგიური სახდელი, რასაც სამართალდამრღვევი თვითონ შეასრულებს. ეს გამართლებული იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართლადამრღვევს არ აქვს შემოსავალი. ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ჯარიმის გამოყენება ოჯახის წევრების დაჯარიმებას უფრო ემსგავსება, ვიდრე სამართალდამრღვევის, ან უბიძგებს სამართალდამრღვევს დანაშაულის ჩადენას.

 

 

არ ვეთანხმებით  ჯარიმის თანხის 100 ლარამდე შემცირებას, და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს მინიმუმ 300 ლარით, ვინაიდან მარიხუანაც, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალებების ერთიან სიაშია მოცემული და არა გამოცალკევებული სახით, როგორც უფრო მსუბუქი. ახალგაზრდის, მოსწავლის შემთხვევაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შიდა პატიმრობის ან გადაადგილების შეზღუდვის სანქციის გამოყენება.

 

 

როდესაც მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, ხაზს უსვამენ მის დადებით თვისებებს, რაც დამატებით მომხიბლველობას სძენს მას მოზარდების თვალში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ აზრებს ახმოვანებენ პოპულარული სახეები, ახალგაზრდების როლური მოდელები. ყოველივე ეს ძალიან ემსგავსება პროპაგანდას და საფრთხეს უქმნის ახალგაზრდების ჯანმრთელობას.

 

 

გარდა ზემოხსენებულისა, მნიშვნელოვანია, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ნაბიჯებს თან ახლდეს გაძლიერებული კომპლექსური პრევენციული ღონისძიებები.

 

 

თუკი განხორციელდება კანაფის კონტროლის ლიბერალიზაცია, პარალელურად უნდა ფართოდ დაინერგოს ნარკოტიკების მოხმარების და კონკრეტულად მარიხუანას მოხმარების პრევენციული პროგრამები; უნდა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ე.წ. ჯანსაღი ალტერნატივების (სპორტი, ხელოვნება და ა.შ.) ხელშეწყობა, მათ შორის რეგიონებში.

 

 

მოხმარების სავარაუდო ზრდის მიერ მოტანილი ზიანის შესამსუბუქებლად უნდა დაინერგოს საკონსულტაციო-სამკურნალო ცენტრები, მათ შორის რეგიონებში, ვინაიდან მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ რეგიონებში მოსალოდნელია კანაფის კულტივირებისა და მოხმარების საგრძნობი ზრდა."- განაცხადა ხუნდაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner