მალე საქართველოში პირველი და კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი ამოქმედდება. მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში განთავსდება, რომლის რეაბილიტაციაც დღეიდან დაიწყო.
1916 წელს აშენებული შენობა - სარემონტო სამუშაოების შემდეგ, ავთენტურ იერსახეს დაიბრუნებს. წიგნის მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. დამონტაჟდება ვენტილაციის უახლესი სისტემა და შეიქმნება ძველი წიგნებისათვის აუცილებელი კლიმატური პირობები.
მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს უნიკალური გამოცემების ნახვა უკვე რამდენიმე თვეში შეეძლება. პროექტი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის, ამერიკის საელჩოსა და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მხარდაჭერით ხორციელდება. შესაბამის დოკუმენტაციას მხარეებმა ხელი დღეს - ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოაწერეს.
„ამ სივრცეში მოეწყობა კავკასიაში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი და საქართველოში პირველი რეალურად წიგნის მუზეუმი სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ის წიგნი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ეს იქნება ქვეყნის სავიზიტო ბარათი", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.