ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პრობაციონერი სამშენებლო კომპანიაში დასაქმდა. ბათუმის მკვიდრი ზ.ს. სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფში" იმუშავებს და მას ხელფასი 1000 ლარი, მომავალში ზრდის პერსპექტივით ექნება.
პრობაციონერ ზ.ს.-სა და სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფს" შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა, რის შემდეგაც დასაქმებული პრობაციონერი სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორები ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე „ალიანს ჯგუფის" მშენებარე ობიექტზე მივიდნენ, სადაც ზ.ს. ადგილზე გაეცნო თავის მოვალეობებს.
ზ.ს. სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით ითვალისწინებდა. თუმცა, ვინაიდან ზ.ს.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და მას დაენიშნა პირობითი სასჯელი, ოთხი წლის ვადით.
მსჯავრდებულის დასაქმების ხელშეწყობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.
პროკურატურა არ არის მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო და უწყების ერთ-ერთი ამოცანაა მსჯავრდებულებს ხელი შეუწყოს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაში, რათა მათ განაგრძონ ღირსეული ცხოვრება და დარჩნენ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.