ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, რომ აპირებს თავისი უფლებების და რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას.
რამიშვილი პროკურატურასთან მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ ადვოკატთან ერთად შევიდა.
რამიშვილის განცხადებით, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული.
„მე მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი. ვუსმინე ქალბატონ სამხარაძეს და ეს იყო ბოდვა. თუ რამე აქვს, თუნდაც აუდიოჩანაწერი, კი ბატონო, გამოაქვეყნოს. მე ვყოფილვარ მოძალადე. თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, არ აქვს მნიშვნელობა, კაცზე თუ ქალზე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში. დღეს განაცხადა სამხარაძემ, რომ ჩემგან სექსუალური შევიწროების შესახებ მან ინფორმაცია „იმედის" დირექტორსაც მიაწოდა. დაიკითხოს ბატონი ბახტაძეც", - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
ამასთან, რამიშვილის ინფორმაციით, გამოძიება სავარაუდოდ, დაჰკითხავს თათია სამხარაძეს და ასევე „იმედის" დირექტორ ირაკლი ბახტაძეს.