logo_geo
eng_logo
მაღალი, ლამაზი, ახოვანი და… უვარგისი!
- +

6 ივლისი. 2017. 21:15



ამასწინათ ბაზრობაზე ვიყავი - საკანცელარიო ნივთები და კიდევ სხვა წვრილმანები უნდა შემეძინა.


გამყიდველი ქალბატონები ყურადღებით და თავაზიანად მემსახურებოდნენ.


უცებ ვიღაცამ იყვირა - მოდის! მოდის!


ამის გაგონება და ქალბატონებმა ერთბაშად იხუვლეს და ქუჩაში გავარდნენ.


ზალიკო მოდიოდა, თურმე, უდუმაშვილი...


დიდი ჟრიამული, დიდი ხვევნა-კოცნა შეიქნა.


აჟივჟივებულ ქალბატონებში ჩამდგარი ზალიკო ფლაერებს და ფლაერებთან ერთად უხვ დაპირებებსაც არიგებდა.


ცოტა ხანში გამყიდველი ქალბატონები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ, თუმცა მოჭარბებული ემოციებისგან გათავისუფლება გაუჭირდათ.


- როგორი ლამაზია! როგორი ახოვანია! როგორი ჭკვიანია! - იმეორებდნენ გაბრწყინებული თვალებით და ზალიკოს ფოტოებს მხურვალედ კოცნიდნენ.


მთელმა ოცდაშვიდმა თუ ოცდაათმა წელმა ერთბაშად, კინოკადრებივით ჩამირბინა თვალწინ.


ეს ადამიანები ამ ხნის განმავლობაში სულ ვიღაცების ფოტოებს კოცნიდნენ, უჩოქებდნენ, უმღეროდნენ, ლექსებს უძღვნიდნენ, ხოტბას ასხამდნენ, ადიდებდნენ და აღმერთებდნენ. მაგრამ მათ დუხჭირ ყოფაში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.


ძალიან გავმწარდი.


- არც თქვენი და არც ამ ქვეყნის საშველი არ იქნება-თქო, - მივახალე ქალბატონებს და წასვლა დავაპირე.


წასვლა ეგრე არ უნდაო და, რომ დამესივნენ, კინაღამ თვალები ამომკორტნეს.


რა თქმა უნდა, ყველა იმ უბედურებაში, რაც კი აქამდე თავს გადახდათ, მე და ჩემნაირებს დაგვედო ბრალი, ახლა კი ბრალი იმაშიც გვედებოდა, რომ მე და ჩემნაირები ისევ ვცდილობთ, მათ ბედნიერებას ხელი შევუშალოთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ლამაზი, ახოვანი ზალიკოს მერად არჩევას დაბრკოლებებს ვუქმნით და არ გვჯერა, რომ სწორედ მერი ზალიკო ააყვავებს ამ ქალაქსაც და ამ ქვეყანასაც.


- არა მარტი ლამაზი და ახოვანია, არამედ, გასკდით გულზე, ძალიან ჭკვიანიც არის ჩვენი ზალიკო! - კატეგორიული ტონით მითხრა ერთმა ქალბატონმა.


- არ იცის ამ ქალბატონმა, რომ, სწორედ ზალიკოსნაირი ჭკვიანები ღუპავენ ქვეყანას...


* * *

ხუთი წელი გავიდა 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ.


მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელი არ არის მცირე დრო, აქამდე ვერა და ვერ მოხერხდა „ნაცმოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმის მიუკერძოებელი და ობიექტური სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება სახელმწიფოებრივ დონეზე.


მართალია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ცალკეული პირები, მაგრამ „ნაცმოძრაობამ", როგორც ორგანიზაციამ, ჩვეულებრივად გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა, თითქოს ის არაფერ შუაში იყო იმ ბოროტებასთან, რაც ქვეყანაში ცხრა წლის განმავლობაში მძვინვარებდა.


იურისპრუდენციაში არსებობს ასეთი ტერმინი - ორგანიზებული დანაშაული, რაც ისეთ დანაშაულს ნიშნავს, სადაც მრავალი პირი მონაწილეობს, რომლებსაც გადანაწილებული და განსაზღვრული აქვთ ფუნქციები.


„ნაცმოძრაობა" სწორედ ასეთ ორგანიზაციულ დანაშაულებრივ გაერთიანებას წარმოადგენდა, სადაც ყველას თავისი როლი და ფუნქცია ჰქონდა მიჩენილი.


ცხადია, შეცდომაა დამნაშავედ მხოლოდ „ნაცმოძრაობის" იმ წევრთა წარმოჩენა, რომლებსაც რაღაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი.


ვფიქრობთ, მეტ-ნაკლებად დამნაშავეა ყველა ის პირი, რომლებიც მათთვის მიჩენილ სამოქმედო უბანზე, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს უჭერდა და ამაგრებდა იმ დანასაულებრივ სისტემას, რომელიც „ნაცმოძრაობამ" შექმნა.


ვისაც უშუალოდ არ მოუკლავს, ვისაც უშუალოდ არ უწამებია, ვისაც უშუალოდ არ წაურთმევია და არ დაუყაჩაღებია, ვისაც უდანაშაულო ადამიანები უშუალოდ ციხეში არ გაუგზავნია, მაგრამ იცოდა რა ეს ყველაფერი და მაინც „ნაცმოძრაობის" სამსახურში იდგა, ცხადია, თვითონაც თანამონაწილეა ყველა იმ დანაშაულისა, რაც ჩამოვთვალეთ.


ბატონი ზაალ უდუმაშვილი და მისი კოლეგა ჟურნალისტები წლების განმავლობაში იდგნენ „ნაცმოძრაობის" სამსახურში, როგორც „რუსთავი 2"-ში, ასევე სხვა საინფორმაციო საშუალებებში და „ნაცმოძრაობის" იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ-აგიტაციური მანქანის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდნენ.


სწორედ უდუმაშვილები აპიარებდნენ და „აპრავებდნენ" „ნაცმოძრაობის" ქმედებებს, ეწეოდნენ ფაქტების ფაბრიკაციას და დამახინჯებას, მალავდნენ და ჩქმალავდნენ „ნაცმოძრაობის" მიერ ჩადენილ დანაშაულებს, „მაკიაჟს" უკეთებდნენ და შელამაზებულ-შეფერადებული სახით წარუდგენდნენ მაყურებელს დანაშაულის ნიშნების შემცველ სხვადასხვა ინფორმაციებს, მონაწილეობდნენ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ კომპრომატების შეთითხვნასა და მათ გავრცელებაში.


„ნაცმოძრაობა" კოლექტიური უდუმაშვილების მხრებზე იდგა და დგას დღემდე.


ბატონი უდუმაშვილი, სანამ თბილისის მერობას გადაწყვეტდა, ჯერ უკრაინაში გაემგზავრა მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გასავლელად და მხოლოდ მისი რეკომენდაციის და „კურთხევის" შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებდა.


ზაალ უდუმაშვილი უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი კანდიდატია, მისი ფავორიტია.


განა სასაცილოც და, იმავე დროს, სატირალი არ არის, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოცხადებული პირი, რომლის ექსტრადაციასაც საქართველოს ხელისუფლება დღემდე ითხოვს, ისეთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე, როგორიც თბილისის მერობაა, ბედავს და თავის რჩეულ კანდიდატს წარადგენს?


ასეთი რამ მხოლოდ ქურდულ „სხადნიაკზე" შეიძლება მოხდეს, როცა ატამანი რომელიმე ქალაქის თუ ზონის „მაყურებლად" და „ზედამხედველად" თავის ერთგულ კაცს გაამწესებს ხოლმე და „სხადნიაკის" წევრები მის შემოთავაზებაზე უარს ვერ ამბობენ. საკითხავია რატომ არ დაიბარეს პროკურატურაში უკრაინიდან დაბრუნებული უდუმაშვილი და რატომ არ კითხეს რა ესაქმებოდა სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ და ძებნაში მყოფ პირთან?


დავუშვათ, მოხდა სასწაული და უდუმაშვილი თბილისის მერად აირჩიეს.


რა სურათს მივიღებთ ამ შემთხვევაში?


რა სურათს მივიღებთ და თბილისის მერად გვეყოლება მრავალ დანაშაულში ბრალდებული და ძებნაში მყოფი პირის მიერ ხელდასმული ადამიანი, რომელიც მთლიანად იქნება მიჯაჭვული მისი ხელდამსმელის და რეკომენდატორის - სააკაშვილის ნებაზე.


* * *

სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილი სულელები ან გიჟები კი არ არიან იმდენად საშიშნი, რამდენადაც ჭკვიანები, რომლებიც საკუთარი კონფორმისტულ-ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, სულელებს და გიჟებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და გაძლიერებაში ეხმარებიან, რის სანაცვლოდაც სერიოზულ ფინანსურ და მატერიალურ სარგებელს ნახულობენ.


ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ხელი აქვს აღებული სინდისზე და მზად არის, მიეყიდოს ნებისმიერ სალახანას და ავაზაკს, გაცილებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ვიდრე თავად სალახანა და ავაზაკი.


ზაალ უდუმაშვილი სწორედ ის ჭკვიანი კაცია, რომელსაც არასოდეს ამოუღია ხმა იმ უმსგავსობის წინააღმდეგ, რომელიც მის გარშემო ტრიალებდა.


სწორედ ამით დაიმსახურა მან დიდი ატამანის ნდობა და პატივისცემა და სწორედ ამის გამო იქცა მის ფავორიტად და ფალავანად.


ვაჟა-ფშაველამ ბრძანა „ბილწთ არ შევეკვრი ზავითა"-ო.


როცა თანახმა ხარ, ბილწთ ზავითაც შეეკრა და მათ მსახურად, მათი ბილწი ზრახვების „გამპრავებლად" იქცე და ამას იმით ხსნი, რომ ჭკვიანი ხარ, ეს უკვე ჭკუა კი არა, დიდი ბოროტებაა.


...ამ წერილის წერისას სულ ერთი ადამიანის გვარ-სახელი მიტრიალებდა თავში, არადა, ისე გავასრულე წერილი, მისი გვარ-სახელი არ მიხსენებია...


ნიკა გვარამია - ზალიკო უდუმაშვილის დამფრთიანებელი, მისი მოძღვარი და მასწავლებელი, უდუმაშვილების გუნდის მთავარი მწვრთნელი და სელექციონერი, „დიდი ატამანის" თვალი და ყური, საქართველოს „ზონის" „მაყურებელი", ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვის, ადამიანთა დაზომბირების დიდოსტატი.


აი, საიდან მოდის ზაალ უდუმაშვილი - მაღალი, ლამაზი, ახოვანი და ქვეყნისთვის მაინც მავნებელი და უვარგისი კაცი...


ავტორი: ვახტანგ ხარჩილავა



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner