logo_geo
eng_logo
ზურა ვიბლიანი: ციხის ბუნტი და მისი ტრაგიკული შედეგები მთლიანად ნაცების კისერზეა!
- +

7 ივლისი. 2017. 19:43


„ეს სვანი ვაჟკაცი 2006 წლის მარტის ციხის ბუნტის მთავარი მოქმედი პირია და ამჟამად სააკაშვილის რეჟიმისგან მიყენებულ, სიცოცხლესთან თითქმის შეუთავსებელ ტრავმებს საზღვარგარეთ იშუშებს. ზურა ვიბლიანს,  სკაიპში ციხის ბუნტის რამდენიმე ფრაგმენტის დასაზუსტებლად მივმართე და ისეთი დეტალები მოვისმინე, რომ... დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მის დაუკითხავად,  საზოგადოებისთვისაც გამენდო", - წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია.


***

ზურა ვიბლიანი რუსთავის მე-6 მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩემი პოლიტპატიმრობის პირველივე დღეებში - 2006 წლის სექტემბრის დასაწყისში გავიცანი, როცა სასიკვდილო შიმშილობა გამოვაცხადე და "ბალნიჩკაზე" მისი საკნის მიმდებარე საკანში შემასახლეს. სასიკვდილოდ დალეწილი, დადამბლავებული ვიბლიანი საწოლს იყო მიჯაჭვული. ჩვენს ნარებს რკინა-ბეტონის სქელი კედელი ყოფდა, რომელშიც გათბობის სისტემის მილი გადიოდა. მილის გაყოლებით ნახევარსანტიმეტრიანი ღრიჭო იყო დარჩენილი და ამ კომუნიკაციით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ზურა მომიყვა, ფეხმძიმე მეუღლის თვალწინ როგორ დააპატიმრეს და ბრალად 4 პოლიციელის დაჭრა წაუყენეს, იმის მიუხედავად, რომ "რკინის ალიბი" ჰქონდა, ვინაიდან სწორედ იმ დღეს, დანაშაულის ადგილიდან ძალიან შორს - სვანეთში მისი ქორწილი იყო, რასაც 150 კაცი ჰყავდა მოწმედ. სააკაშვილის რეჟიმი ავტორიტეტებს საზოგადოების ყველა ფენაში ებრძოდა და ზურაც ამის გამო ჰყავდა ათვალწუნებული. მის გავლენას თავადაც ვხედავდი - ყველა პატიმარი უდიდესი მოწიწებით ეპყრობოდა! განსხვავებული მსოფლმხედველობის მიუხედავად, სამართლიანობის იდეალებმა და ჩვენ-ჩვენი პოზიციებიდან რეჟიმთან უკომპრომისოდ დაპირისპირებამ გაგავაერთიანა, ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდი, როცა მისთვისაც იქამდე მხოლოდ ფოტოებში ხილული 2 წლის შვილის ნათლიობა შემომთავაზა!


***


სააკაშვილის რეჟიმმა ვიბლიანს სასჯელი 2006 წლის მარტის ციხის ბუნტის ორგანიზების ბრალდებით უფრო მეტად დაუმძიმა და ჯამში 27 წელი მიუსაჯეს. როცა გავიცანი, შეგუებული იყო, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა, მაგრამ მაინც სხვებს ამხნევებდა, თავად კი სიკვდილთან ვაჟკაცურად შესაგებებლად ემზადებოდა. ციხის ბუნტთან დაკავშირებით აქამდე საზოგადოებამ მხოლოდ ოფიციოზის გავრცელებული ინფორმაციები იცოდა, თუმცა პირველად ჩემთან საუბარში ზურა ვიბლიანმა ამ ტრაგედიის თითოეული მონაწილეს როლი ზედმიწევნით შეაფასა:

 

- ზურა, მე ვნახე ვიდეოკადრები, რომელშიც კანონიერი ქურდი, პაატა მამარდაშვილი საუბრობს ციხის ბუნტის დეტალებზე და ამბობს, რომ ადმინისტრაციის მითითება არ შეასრულა!


- ეს სიცრუეა! სწორედ პაატა მამარდაშვილზე დაყრდნობით ცდილობდა ადმინისტრაცია მართული ბუნტის პროვოცირებას. ყოფილი ქურდი, პაატა მამარდაშვილი მსხვერპლად და გმირად რომ გამოჰყავთ ისევ ამ ბუნტის დამგეგმავების ინტერესშია, რომელთა ნაწილი დღემდე ხელშეუხებელია! მამარდაშვილმა ჩემთან შეხვედრა ტანსაცმელში დამაგრებული კამერით ფარულად ჩაწერა, რაც არანაირად არ ჯდება ზნეობის ფარგლებში, ხოლო მოგვიანებით, ბუნტის სასამართლო პროცესზეც ადმინისტრაციის პოზიციიდან დაგვიპირისპირდა! იმ ჩანაწერში იკვეთება, რომ ბუნტი მე კი არა, ბაჩო ახალაიას ადმინისტრაციამ დაგეგმა, ხოლო მამარდაშვილი ამ გეგმას ასრულებდა!


- რატომ უნდა ყოფილიყო ბუნტი ადმინისტრაციის ინტერესებში?


- გაიხსენეთ, რა მდგომარეობაში იყვნენ მაშინ პატიმრები! მათზე ძალადობდნენ, წამების გზით ართმევდნენ ჩვენებებს, აინვალიდებდნენ და კლავდნენ კიდეც. რეჟიმის ჯალათობის ათობით მაგალითი დაგროვდა და ამის გაბათილება სჭირდებოდათ. მამარდაშვილს ფარულად უნდა ჩაეწერა ვითომც ქურდებისგან ჩემთვის დავალების გადმოცემის მომენტი და მის შესრულებაზე ჩემი თანხმობა. ცრუ მითითების არსი იმაში მდგომარეობდა, ციხეებში წამების აღკვეთის მიზნით პატიმრებს ბუნტი უნდა დაეწყოთ. ბუნტის გამოწვევის მიზნით კი, მე რომელიმე პატიმარი უნდა დამეზიანებინა, რომელიც შემდეგ განაცხადებდა, რომ ახალაიას სპეცრაზმელები გაუსწორდნენ, რასაც პატიმრების მასობრივი აღშფოთება მოყვებოდა. ამის შემდეგ, რეჟიმი მამარდაშვილის ფარულად ჩაწერილ კადრებს გაასაჯაროვებდა იმის დასტურად, რომ კრიმინალური სამყარო მას პროვოკაციებს უწყობს, რომ პატიმრების წამება გამოგონილია, რომ თავად კრიმინალები აზიანებენ პატიმრებს და ციხის გარეთ რომ ვერ მიაღწიეს დესტაბილიზაციას, ახლა ციხეში ქმნიან ქაოსს, რათა ხელისუფლებას სახელი შეულახონ.. ამის შედეგად, სადამსჯელო ოპერაციები და პატიმრების წამება "გაპრავდებოდა," ხალხის და უცხოელი დამკვირვებლების წინაშე რეჟიმს თავი აღარაფერში ექნებოდა სამართლებელი! პაატა მამარდაშვილმა ისარგებლა ქურდის სტატუსით. იუთუბზე გავრცელებულ კადრებში მამარდაშვილი აღიარებს, რომ მკურნალობის დაპირების სანაცვლოდ მან ადმინისტრაციის დავალება შეასრულა. უკვე ვფიქრობ, რომ ეს მისთვის მიცემული პირველ დავალება არ იქნებოდა!

 

- რა ვითარებაში შეხვდით მამარდაშვილს?


- ეს ორთაჭალაში, ციხის ძველ "რესბალნიცაზე" მოხდა. ექსპერტიზაზე გაყვანას ველოდებოდი, რადგან დაჭრილმა პოლიციელებმა ვერ ამომიცნეს და სასამართლოზე გამართლება მელოდა. ალღო მიგრძნობდა, რომ პროვოკაცია მოხდებოდა. ამიტომ პატიმრებს მუდმივად ვარიგებდი, რომ გამოწვევებს არ აყოლოდნენ. ერთხელაც, როცა ბადრაგმა დამიძახა, ჩავთვალე, რომ ექსპერტიზაზე წასაყვანად მომაკითხეს, მაგრამ განცვიფრებული დავრჩი, როცა ჩაკეტილი დერეფანი გამიღეს, რომლის ბოლოს საკანში პაატა მამარდაშვილი და სხვა ქურდები - ინვალიდის ეტლში მჯდარი მალხაზ ზედელაშვილი და დამბლადაცემული ჯემალ შალვაძე ( "ჩაი" ) იმყოფებოდნენ. ბადრაგს გაკვირვებულმა ვკითხე - რა ხდება მეთქი? - სალაპარაკო გქონიათ და შესახვედრად მოგიყვანეთო. შევეპასუხე - მე არავისთან არ მაქვს საქმე მეთქი, მაგრამ კარები გაიკეტეს და დამტოვეს. დამხვდურებს მივესალმე და ვკითხე - რა საქმე გაქვთ ჩემთან მეთქი? - არაფერიო, - მიპასუხა "ჩაიმ." ამ დროს, მამარდაშვილმა დერეფანში გამომიხმო. თურმე, ფარული კამერები საუბრის ჩაწერის მიზნით სწორედ დერეფანში იყო დამონტაჟებული, ხოლო მიკროფონი მამარდაშვილს ტანსაცმელზე ემაგრა. პირდაპირ საქმეზე გადავიდა - ამ მძიმე მდგომარეობას თავი როგორღაც უნდა დავაღწიოთ და ვინმე უნდა დალეწო, რომელიც მერე იტყვის, ვითომ ახალაიას ხალხმა მცემაო. - მე რომ არ დავაზიანო, ნუთუ, რესბალნიცაზე რეჟიმის მიერ ნაცემ - ნაწამები ხალხი გამოილია-მეთქი? დიდხანს მარწმუნებდა და როცა მიხვდა, ვერ დამითანხმებდა, ტყუილი მოროშა - სხვების გადაწყვეტილებაც არის ესო.. - ჩავეძიე, ვინ სხვების-მეთქი და პასუხს თავი აარიდა. მოგვიანებით, როცა ბუნტის ორგანიზების გამო ბრალი მომიყენეს, მტკიცებულებად სწორედ ეს ჩანაწერი დადეს, ტელევიზიებითაც გაუშვეს!

 

- დერეფანში როგორ დასრულდა თქვენი კამათი?


- ჩემი უარის მიუხედავად, ჩათვალეს, რომ ქურდის დავალებას მაინც შევასრულებდი. კამათი ბადრაგმა შეგვაწყვეტინა, რომელმაც დერეფანი გააღო და გამომიყვანა. მამარდაშვილი რომ ამბობს - ახალაიას დავალება არ შევუსრულე, აკი ვიბლიანმა არავინ დააზიანაო.. დავალება იმიტომ კი არ ჩავარდა, რომ მამარდაშვილმა არ შეასრულა, არამედ მე არ შევასრულე მამარდაშვილის დავალება! საკანში რომ დავბრუნდი, მეგობრებთან - ლევან ცინდელიანთან და ცხონებულ გიო ავალიანთან ერთად გავაანალიზე და განმიმტკიცდა თვალსაზრისი, რომ ამ დავალებას პროვოკაციის სუნი ასდიოდა. იმ პერიოდში ადმინისტრაცია პატიმრების პროვოცირებას ცდილობდა - ავადმყოფებს კედელთან აყუდებდნენ, ჩხრეკდნენ, ამცირებდნენ, მიზეზს ეძებდნენ, თანაც, რამდენჯერმე პატიმრებმა ციხეში შემოსულ გიგა ბოკერიას და მეგის ქარდავასაც მოკრეს თვალი. დავრწმუნდი, რომ რაღაც ფათერაკს გვიმზადებდნენ, ამიტომ, პატიმრებს მუდმივად მოვუწოდებდი, მოეთმინათ და ამ გამოწვევებს არ აყოლოდნენ.. ამასობაში, ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ ქმედებაზე გადასვლას არ ვაპირებდი და თავად გადავიდნენ ქმედებაზე.


- მაინც, რა იღონეს?


- ერთხელ, შუაღამით, რესბალნიცაზე ახალაია, ჭარბოძე, ქარდავა და სხვა მაღალჩინოსნები მოცვივდნენ. ბადრაგმა საკნიდან გამომიხმო - ბაჩო ახალაია გეძახისო. თურმე, გაცოფებულა, მე რომ მისი გეგმა ჩავაგდე.. ჩემს საქომაგოდ აფოფრილი პატიმრები მკაცრად გავაფრთხილე, რაც უნდა მცემონ, ხმაური არ ატეხოთ-მეთქი და ბადრაგს გავყევი. უკვე კორიდორში ცხონებული გიო ავალიანი დაგვეწია, ხოლო სპეცრაზმელებმა თავზე ავტომატის ლულები მოგვაბჯინეს და ასე გავაგრძელეთ გზა რესბალნიცის დირექტორის, მალხაზ სინაურიძის კაბინეტამდე, სადაც ახალაია გველოდა.


- აგრესიით  შეგხვდა?


- კაბინეტთან შემეგება და მკითხა - ხომ მიცნობო? და ხელი გამომიწოდა. რა თქმა უნდა, არ ჩამოვართვი. არც ვალდებული ვიყავი და თან, იმდენი არაკაცობა ჰქონდა ჩადენილი - როგორ ჩამოვართმევდი! - ხელის ჩამორთმევაც გრეხი გგონიაო? - მივხვდი, იმას გულისხმობდა, რომ მის პროვოკაციას არ წამოვეგე.. ხელი სახეში დამარტყა, მაგრამ არ შემიბრუნებია - თავს ავტომატიანი სპეცნაზელები მედგნენ. გიოსაც დაარტყა. კაბინეტში შეგვათრიეს და იქ მამარდაშვილი დავინახე, რომელსაც მეგის ქარდავა თმას ჭრიდა, ის კი, მოჭრილ თმას იატაკიდან იღებდა და ჯიბეში იწყობდა. მამარდაშვილს ის ხომ მაინც შეეძლო, თმის აღებაზე ეთქვა უარი, მაგრამ ეს ჩვენზე ზეგავლენისთვის სჭირდებოდათ, რათა მისი მდგომარეობის შემხედვარე მოვედრიკეთ. სკამზე დამსვეს. ავტომატის ლულები ისევ მოშვერილი ჰქონდათ. ახალაია მომიახლოვდა და მეკითხება - დღეს რა დღეაო. - არ მახსოვს მეთქი! - ხელი გამეტებით დამარტყა და დამიყვირა - პასუხი გამეცი, დღეს რა რიცხვიაო. არ ვიცი, ამას რად მეკითხებოდა, მაგრამ რაც ხდებოდა, ვიდეოკამერით მათი ორი ოპერატორი იღებდა ყველაფერს. ახალაია მეგის ქარდავას მიუბრუნდა, რომელიც მაშინ მე-7 ციხის დირექტორი იყო და ეუბნება - ვიბლიანი შენთან გადაიყვანე და დალეწეო! მერე, გუბერსკის ციხის დირექტორს, ფოლადაშვილს ეუბნება - ავალიანი კი, შენთან წაიყვანე და იგივე უქენი, მაგრამ მანამდე უნდა მითხრას, დღეს რა რიცხვიაო. გიომაც იგივე უპასუხა - არ ვიცი, რა რიცხვიაო და გაშმაგებულმა ახალაიამ სახეში შეაფურთხა. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო და ავალიანმა ახალაიას სახეში ისეთი მუშტი ჩაარტყა, მოწყვეტით დააგდო იატაკზე. მაშინვე სპეცნაზელები წამოგვესივნენ და დაუნდობელი ცემა დაგვიწყეს. მოვასწარი, მეგის ქარდავა მოვიხელთე და ყელში ხელი წავუჭირე, მაგრამ ავტომატის კონდახები მირტყეს თავში და გამთიშეს.. ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა, როცა ახალაიამ სტეჩკინი გადატენა და პირში მიცემული ტყვია გადმოვარდა იქედან - მივხვდი, იარაღი წინასწარ ჰქონდა გამზადებული. თანამშრომლებმა შეაკავეს - არ ესროლო, კამერები იღებსო, თორემ ადგილზე დაგვხვრეტდა. ამის მერე აღარაფერი მახსოვს. მოგვიანებით გავიგე, რომ მე და ავალიანი, როგორც მკვდრები, კორიდორში ფეხებით გავუთრევივართ და რესბალნიცის ეზოში, ტალახში დავუყრივართ.

 

- ბუნტი რის გამო დაიწყო?


- გონებაზე ყინვამ მომიყვანა. აღშფოთებული პატიმრების ხმები ჩამესმა, რომლებსაც ჩვენი, როგორც მკვდრების - ეზოში გამოთრევა შეგნებულად აყურებინეს, რათა პროტესტი ხელოვნურად გამოეწვიათ. რესბალნიცის საკნებიდან ავადმყოფი პატიმრები გუბერსკის ციხეს გასძახოდნენ - გვიშველეთ, გვკვლავენო. სპეცრაზმის ახალი ჯგუფი ოპერატიულად მოვარდა და მათ დაერია. არ გამოვრიცხავ, გუბერსკის ციხეზე ადმინისტრაციას წინასწარ ჰყავდა აგენტები გამოყოფილი, რომლებმაც ისედაც გაწამებული პატიმრები ხმაურში ადვილად აიყოლიეს. მივხვდი, ყველას ჩახოცავდნენ, ამიტომ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ხმაჩახლეჩილი ვუყვიროდი, დაწყნარდით მეთქი, მაგრამ იმ გუგუნში ჩემი და ავალიანის ხმა სპეცრაზმელების გარდა აღარავის ესმოდა. მათ კი, ჩვენი კონდახებით ცემა საკნებიდან მომზირალი პატიმრების თვალწინ განაგრძეს - თითქოს, არც აწყობდათ, რომ პროტესტი დამცხრალიყო.. ამასობაში, მეორედ დავკარგეთ გონება. საბადრაგო მანქანაში, ვარონკაში ჩავუყრივართ და მე-7 ციხეში წავუყვანივართ. მამარდაშვილიც მოიყვანეს ჩვენთან, მაგრამ ის გალახული არ იყო! მე-7 ციხეში წამება გააგრძელეს.ცემაში ორი ჯგუფი ენაცვლებოდა ერთმანეთს. მერე კამერაში შეგვყარეს ცოცხალ-მკვდრები და მაშინ გავიგონე სროლის ხმები..


- რა ტრავმები მიიღეთ ამ დროს?


- მრავალი მოტეხილობა. თავის არეში კონდახებით ცემის გამო ტვინში სისხლჩაქცევებმა კი სხეულის მარცხენა მხარეს სრული პარეზი განაპირობა. საკანში შიშვლები და დასისხლიანებული ვყრივართ, მამარდაშვილი კი ხელუხლებელია! ავალიანს ვეუბნები - რა ხდება, ჩვენ გვხოცავენ, ამისთვის სილაც არ გაუწნავთ მეთქი! ამასობაში, ჩვენს სანახავად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შემოვიდა და პირველად მისგან გავიგეთ, რომ ციხეზე ბუნტი მოხდა, რომელიც ჩვენ გვბრალდებოდა! აქვე მინდა გითხრათ, რომ სუბარმა მაშინ ჩვენ სიკვდილს გადაგვარჩინა, რადგან დაღუპულების სიაში ვყოფილვართ ჩაწერილები. ჩემს ძმას დიაბეტი მაშინ დაემართა, მკვდრების სიაში რომ მნახა. ციხიდან გამოსულმა სოზარმა მიზანმიმართულად იცრუა - ნაცემები კი არიან, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებაო და ამის მერე ჩვენი მოკვლა ვეღარ გაბედეს. სუბარი ამის მერეც, ხან დღისით და ხან ღამით მოდიოდა ჩემს სანახავად, რომ მოკვლა არ გაებედათ. დაგვაინვალიდეს, მაგრამ მაინც ყოველდღე ორჯერ გვცემდნენ, მხოლოდ მამარდაშვილი მოგვაშორეს - სხვაგან გადაიყვანეს. ბუნტიდან 2 კვირის შემდეგ რომ ნახეს, მართლა სიკვდილის პირას ვიყავი, ბრეზენტის ნაჭერზე დაწვენილი რაღაც მარშრუტკაში შემასვენეს და რუსთავის მე-6 ციხეში მომიყვანეს, რათა მე-7 ციხეში არ დაფიქსირებულიყო ჩემი სიკვდილი!


- ამდენი ტრავმით როგორ გადარჩით?


- მე-6 ციხეში ღვთისნიერი ექიმი, დავით ჭუმბურიძე დამხვდა. დღემდე ვეძებ ამ ღვთისნიერ კაცს, რადგან მან გადამარჩინა აშკარა სიკვდილს. რეჟიმის დასრულების შემდეგ ტელევიზიითაც გამოვიდა და თქვა, ვიბლიანი რომ მოიყვანეს, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა, შემდეგ თვალის გუგაზე აღმოვაჩინე სიცოცხლის ნიშნები და გადავარჩინეო. მახსოვს, ერთხელ ახალაია და მისი ამფსონები მოვარდნენ და სიცოცხლისკენ შემობრუნებულს ისევ დალეწვა დამიპირეს, მაშინ ეს ექიმი გადამეფარა და მამისტოლა კაცს ხელითაც კი შეეხნენ. როცა დაინახა, რომ ჩემი წამება გრძელდებოდა, დავით ჭუმბურიძემ განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა! (მოვუწოდებთ დავით ჭუმბურიძეს, როცა ამ პუბლიკაციას წაიკითხავს, რედაქციაში აუცილებლად დაგვიკავშირდეს! - ზ.დ.)


- ციხიდან როგორ გათავისუფლდით?


- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასჯელის გამოჯანმრთელებამდე გადავადების მექანიზმით გამათავისუფლეს და მკურნალობას შევუდექი. ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ახლოვდებოდა, ამიტომ ძველი რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან დაშინების მცდელობები გრძელდებოდა, იყო შემოთვლები, რომ საქართველო დამეტოვებინა. მუდმივად პროვოკაციის მოლოდინში ვიყავი. ერთხელ, მეგობარს მე და ჩემი პატარა გოგონა მანქანით მოვყავდით, როცა საეჭვო ვითარებაში ტრაილერი დაგვეჯახა, არადა, იმ გზაზე მოძრაობის უფლება საერთოდ არ ჰქონდა! ჩვენი მანქანა დაბზრიალდა, მაგრამ ტრაილერს არ დაუმუხრუჭებია და მეორედაც დაგვარტყა. სიკვდილს ბეწვზე გადავრჩით! საკუთარ თავს აღარ ვდარდობდი. შევატყვე, სამშობლოში დარჩენით, შვილს ვუქმნიდი საფრთხეს, ამიტომ საზღვარგარეთ გადავიხვეწე და მკურნალობას აქ ვაგრძელებ, თუმცა სრულად განკურნება წარმოუდგენელია. ცალ თვალში მხედველობა სრულიად დაკარგული მაქვს, მეორეზეც დამეწყო პრობლემები. ყავარჯნები ჯერაც ვერ მოვიცილე და კიდევ დიდხანს მომიწევს საავადმყოფოებში წოლა. სამშობლოდან გარიდების მიუხედავად, ჩემი ყველა ჩვენება, რომელიც მანამდე სასამართლოსთვის მიმიცია, ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის დახმარებით ახალაიას სასამართლო პროცესზე დავადასტურე. ტარიელ ფოცხვერია, ნიკოლოზ მახარაძე და გიო ავალიანი - ვისაც სააკაშვილის რეჟიმმა ციხის ბუნტის გამო მაშინ ბრალი ცილისმწამებლურად წაუყენა - უკვე გარდაცვლილები არიან. ბუნტში ბრალდებულებიდან მხოლოდ ლევან ციდელიანი, მალხაზ ზედელაშვილი და მე გადავრჩით ცოცხლები. ჩვენ სიმართლე მაშინაც ვთქვით, როცა სააკაშვილის რეჟიმი გვასამართლებდა და ახლაც იმას ვიმეორებთ! რაც შეეხება პაატა მამარდაშვილს, თუ მაშინ ადმინისტრაციის პროვოკაციული დავალება იმიტომ შეასრულა, რომ შანტაჟს და წამებას ვერ გაუძლო, ახლა ვინ დაუშალა, გამოსულიყო და ხალხის წინაშე სიმართლე ეთქვა?!


- ნაცები დღემდე ირწმუნებიან, რომ ბუნტი თქვენ გამოიწვიეთ..


- აბსურდია. ლევან ცინდელიანს და ცხონებულ გია ავალიანს თავისუფლებამდე დათვლილი დღეები ჰქონდათ დარჩენილი. მე კი ექსპერტიზის დასკვნას და შემდეგ სასამართლოს ველოდებოდი, სადაც ჩემი უდანაშაულობა უნდა დამტკიცებულიყო. რატომ უნდა გვეფიქრა ციხეში არეულობის მოწყობაზე? ციხის ბუნტი და მისი ტრაგიკული შედეგები მთლიანად ნაცების კისერზეა!



 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner