ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების და ამასთან დაკავშირებული ძარცვებისა და შემთხევევის დროს დაღუპულთა რიცხვი 92-მდე გაიზარდა.
„1 აპრილიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მოკლულია 69 ადამიანი. აქციების ფონზე, ქურდობების, ინციდენტების და ძალადობის ფაქტების შედეგად დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 92-ს შეადგენს,"- წერს ვენესუელაში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალფრედო რომერო Instagram-ზე.
მისი ინფორმაციით, მსხვერპლის უმეტესობა დემონსტრანტები არიან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების და ხელისუფლების მომხრე გასამხედროებული ფორმირებების მხრიდან არიან მოკლულნი.
ვენესუელის გენერალური პროკურატურის ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 90 ადამიანი.
აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი ასევე დამფუძნებელი კრების მოწვევას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაა.
13 ივნისს, ვენესუელაში დემონტრანტებმა უმაღლესი სასამართლოს შენობა დაწვეს.
ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.