ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოში ახალი პროექტი „Check-in Georgia" იწყება. პროექტი მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. იგეგმება, პროექტმა მიიღოს ტრადიციული ხასიათი და ყოველწლირად გაიმართოს.
პროექტის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი ესაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ პროექტის მიმდინარეობა ყველა მიმართულებით სათანადო დონეზე უზრუნველყოს.
„პროექტის დადებითია მხარე გახლავთ, რომ გვაძლევს საშუალებას, საუკეთესო რეკლამა გავუწიოთ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას, რაც მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად გაიზარდოს ტურისტთა შემოდინება საქართველოში, რაც დიდ ფინანსურ მოგებას მოუტანს სახელწიფოს. თუ ჩვენ ვნახავთ ბოლოდროინდელ სტატისტიკას, ნათლად დავინახავთ, რომ ტურისტთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება და საქართველო საკუთარი ტურისტულ პოტენციალის რეალიზებას ახდენს. ტურისტთა გაზრდილი რაოდენობა კარგია, მაგრამ ეს ფაქტი საინტერესო გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას, კერძოდ, ახლა ნათლად გამოჩნდება, არის თუ არა საქართველო მზად, მიიღოს ტურისტთა დიდი ნაკადი (ყირიმის, რუსეთ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ეს სავსებით შესაძლებელია). დიდი ალბათობით საქართველოს ინფრასტრუქტურა არ არის მზად, ერთდროულად მოემსახუროს რამდენიე მილიონ ტურისტს, ამის არც ადამიანური და არც ტექნიკური რესურსი არ გაგვაჩნია. ასევე მნიშვნელოვანია კვების ინდუსტრია, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კარგად უნდა შევისწავლოთ აეროპორტთა მდგომარეობა, რამდენად შეუძლია ჩვენს აეროპორტს მგზავრების გაზრდილი ნაკადის მიღება-გატარება. მაქსიმალურად უნდა იზრუნოს სახელწიფომ, რომ განავითაროს ინფრასტრუქტურა (აეროპორტის), მოხდეს ადამიანური რესურსის გადამზადება და კვების ობიექტების კონტროლის გამკაცრება, რათა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ თითოეულ ადამიანს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი. იმედს ვიტოვებ, სახელმწიფო ამ სასიამოვნო გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს", - ამბობს ჩიქოვანი.